ახალი ამბები

ვშიშობ, ამ საქმეს დიდი გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე – ჰარცელი მელიაზე

17 თებერვალი, 2021 • 767
ვშიშობ, ამ საქმეს დიდი გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე – ჰარცელი მელიაზე

“ვხედავ რისკს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტრაექტორია მიგვიყვანს მოვლენებამდე, რომლებიც იქნება არა დროებითი, არამედ უფრო ხანგრძლივი”, – ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებულ პროცესებს.

ჟურნალისტებთან ჰარცელს უშუალოდ სასამართლო საქმის დეტალების შესახებ არ უსაუბრია. თუმცა, როგორც აღნიშნა, შიშობს, რომ საქმეს “დიდი გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე”.

“ვიტყვი, რომ ბოლო დღეებში ტემპერატურა კვლავ იზრდება პოლიტიკაში. ვხედავ რისკს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტრაექტორია მიგვიყვანს მოვლენებამდე, რომლებიც იქნება არა დროებითი, არამედ უფრო ხანგრძლივი.

ვშიშობ, რომ ამ საქმეს უფრო დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ ვითარებაზე. არსებული სიტუაციის მდგენელებიდან გამომდინარე, მსურს ყურადღება გავამახვილო ორ საკითხზე: პირველი — უნდობლობა და უპატივცემულობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, მეორე — პოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელი. ერთად ეს ორი რამ ძალიან სახიფათოა საქართველოსა და ქართული დემოკრატიისთვის.

მოვუწოდებ ყველა აქტორს, გააკეთონ განცხადებები და იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით, რათა უფრო არ გაამძაფრონ სიტუაცია”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტებმა ჰარცელს ასევე ჰკითხეს, როგორ აისახება მიმდინარე პროცესები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერჯერობით შეჩერებულია. ევროკავშირის ელჩმა კითხვას ასე უპასუხა:

“ვშიშობ, რომ [ყოველივე ეს] გაართულებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას და შეთანხმების მიღწევას. მაგრამ ეს არის ჩემი შიში, ვერ ვიწინასწარმეტყველებ. იმედი ვიქონიოთ, ვცდები”.

ჰარცელის თქმით, მნიშვნელოვანია, “საბოლოო ჯამში, საქართველო აშენებდეს ინსტიტუტებს და აკეთებდეს ამას ამბიციური საარჩევნო და სამართლებრივი რეფორმით”.

“ვფიქრობ, პრინციპში, ამაზე ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება”, – აღნიშნა ელჩმა.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე — აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

აღნიშნულს წინ უძღოდა პარლამენტის მიერ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება.

რა ხდებოდა მანამდე?

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი