ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის აღიარების არავითარი განზრახვა არ გაგვაჩნია | სან-მარინო

16 თებერვალი, 2021 • 1744
ცხინვალის აღიარების არავითარი განზრახვა არ გაგვაჩნია | სან-მარინო

სან-მარინოს სახელმწიფო სამდივნო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ცხინვალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სან-მარინოში თავის ოფიციალურ წარმომადგენლად, სან-მარინოს მოქალაქის, ფრანჩესკო კიარელის დანიშვნას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სან-მარინო არ აპირებს სამხრეთ ოსეთის აღიარებას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„სან-მარინოს რესპუბლიკა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის პოზიცია უკავია. მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, სან-მარინოს არ გააჩნია არავითარი განზრახვა აღიარების კუთხით. ეს პოზიცია სან-მარინოს მიერ მუდმივად ხმიანდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და სხვა ნებისმიერ შემთხვევაშიც, როდესაც ამის საჭიროება არსებობს“ ,- ნათქვამია სან-მარინოს პოლიტიკურ და საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს განცხადებაში.


ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 15 თებერვალს განაცხადა, რომ სან-მარინოს რესპუბლიკაში დანიშნეს წარმომადგენელი – ფრანჩესკო კიარელი.

“15 თებერვალს ფრანჩესკო კიარელიმ გამართა პრესკონფერენცია, სადაც მან ჟურნალისტებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნო. ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობებში შედის სან-მარინოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთს შორის კონტაქტების დამყარება. ერთობლივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროგრამების მომზადება და მათი განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ტურიზმისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე”, – ნათქვამი იყო დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ოდიოზური ფიგურების წარმომადგენლებად დანიშვნა საოკუპაციო რეჟიმების მიერ პროპაგანდის გავრცელებას ემსახურებოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი