ახალი ამბები

პარლამენტი პროკურატურის გაგრძელება არ უნდა იყოს – იოსელიანი

16 თებერვალი, 2021 • 681
პარლამენტი პროკურატურის გაგრძელება არ უნდა იყოს – იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა პირდაპირ უტოლდება მის პატიმრობაში ყოფნას.

მისი თქმით, მარტო ის, რომ გირაოს არ იხდის, საკმარისი არგუმენტი არ არის, რომ მელია საპატიმროში მოხვდეს.

“პირველ რიგში, მე დავაყენე საკითხი და ვიკითხე, რატომ არ არიან ნიკა მელიას ადვოკატები [პარლამენტში], რომლებსაც ჰქონდათ სურვილი, რომ სხდომას დასწრებოდნენ. პრაქტიკულად, დღეს იხილებოდა იმუნიტეტის მოხსნის საკითხი, რაც სავარაუდოდ, მის დაპატიმრებას გულისხმობს და როცა ადამიანს აპატიმრებენ, მინიმუმ მის ადვოკატებს უნდა ჰქონოდათ საშუალება მისი პოზიცია გაეჟღერებინათ. რა თქმა უნდა, წინააღმდეგ მივეცი ხმა და არ დავუჭირე მხარი პროკურატურის შუამდგომლობას. ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, რატომ უნდა მოეხსნას ნიკა მელიას იმუნიტეტი”, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანი ამბობს, პარლამენტი პროკურატურის გაგრძელება არ უნდა იყოს. “პარლამენტმა არ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის არის პროკურატურის გაგრძელება. პარლამენტმა უნდა აჩვენოს თავისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა დღეს და უთხრას უარი პროკურატურას იმუნიტეტის მოხსნაზე”,- განაცხადა იოსელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი