ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა სან-მარინოში წარმომადგენელი დანიშნა | საგარეოს განმარტება

16 თებერვალი, 2021 • 1622
ცხინვალმა სან-მარინოში წარმომადგენელი დანიშნა | საგარეოს განმარტება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა სან-მარინოს რესპუბლიკაში თავისი “ოფიციალური წარმომადგენელი” დანიშნა. ინფორმაციას ოსური სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობას სან-მარინოს მოქალაქე ფრანჩესკო კიარელი დაიკავებს.

“15 თებერვალს ფრანჩესკო კიარელიმ გამართა პრესკონფერენცია, სადაც მან ჟურნალისტებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნო. ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობებში შედის სან-მარინოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთს შორის კონტაქტების დამყარება. ერთობლივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროგრამების მომზადება და მათი განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ტურიზმისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალი მადლობას უხდის სან-მარინოს ბესლანის ტრაგედიის მემორიალის აღმართვისთვის და აცხადებს, რომ ეს სან-მარინოს მოქალაქეების “მაღალი ჰუმანიზმის გამოხატულებაა”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება 

ნეტგაზეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია საქართველოს ოფიციალური პოზიცია, ასევე, მიმართა თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სან-მარინოს მომხდართან დაკავშირებით.

სამინისტროს განცხადებით, “ოდიოზური ფიგურების წარმომადგენლებად დანიშვნა საოკუპაციო რეჟიმების მიერ პროპაგანდის გავრცელებას ემსახურება”.

“იმ ფონზე, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი, საოკუპაციო რეჟიმებს ისღა დარჩენიათ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში თვითმარქვია ე.წ. ელჩებისა და წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ პროპაგანდის გავრცელებით შეეცადონ საწინააღმდეგოს მტკიცებას.

შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი ცხადზე ცხადია, რომ ისეთი იდიოზური ფიგურები, როგორიცაა მაურო მურჯა და ვიტო გრიტანი იტალიაში, ხოლო ახალი ე.წ. წარმომადგენელი ფრანჩესკო კიარელი სან-მარინოში, ემსახურებიან რუსეთის სპეცსამსახურების დესტრუქციულ ამოცანებს საქართველოსა და ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების განხორციელებაში. ბუნებრივია, აღნიშნული იდიოზური პირების უკანონო საქმიანობას სრულად ემიჯნებიან იტალიისა და სან-მარინოს მთავრობები.

ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ჩვენი პარტნიორების – იტალიისა და სან-მარინოს მთავრობებთან, რათა მათთან კოორდინაციით დავუპირისპირდეთ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებსა და დეზინფორმაციის კამპანიას და მოვახდინოთ არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია საერთაშორისო არენაზე”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში.


ვიტო გრიტანი და მაურო მურჯა იტალიის რესპუბლიკაში სხვადასხვა დროს ასრულებდნენ ან ასრულებენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი