ახალი ამბები

ოპოზიციის შეკრებაზე დაუპატიჟებლად მოვიდნენ — კუკავა “გირჩზე”

15 თებერვალი, 2021 • 963
ოპოზიციის შეკრებაზე დაუპატიჟებლად მოვიდნენ — კუკავა “გირჩზე”

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ”ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის საერთო შეხვედრაზე “გირჩის” წევრები დაუპატიჟებლად მივიდნენ, რის გამოც მათ შეხვედრის დატოვება სთხოვეს.

თუმცა, კუკავას თქმით, “გირჩის” წევრებმა “პროვოკაცია” დაიწყეს.

“სინამდვილეში იყო ასე, ჯერ ერთი მოვიდნენ დაუპატიჟებლად, ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა, რომ დღევანდელი შეკრება დაეტოვებინათ. რის შემდეგაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ არა, ჯერ უნდა მოგვისმინოთო და მე ვუპასუხე ამაზე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ მიშას თამაშს ვთამაშობთ და მაშინ აქ რაღაზე მოდიხართ-მეთქი და ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია, რომ აი, აღიარა, რომ მიშას თამაშს თამაშობენო და ამის შემდეგ მოუწიათ სხდომის დატოვება”, — განაცხადა კუკავამ.

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით კი, “გირჩის” წევრების ნაირი განწყობების მქონე ადამიანების ადგილი ოპოზიციის საერთო შეკრებაზე არ არის.

“ძალიან ულამაზოა მათი მხრიდან ეს განცხადება, რომ პრაქტიკულად ბრალი დასდეს ოპოზიციას, რომ ჩვენ მიშას ან ვინმეს თამაშს ვთამაშობთ. არავინ არავის თამაშს არ თამაშობს, ცოტა “გირჩზე” მეტი გამოცდილება ნამდვილად მაქვს და ანალიზის უნარი, რას ვაკეთებ და ვინმეს თამაშს ვთამაშობ თუ არა”, — განუცხადა “ფორმულას” ნინო ბურჯანაძემ.

“გირჩის” წევრებმა, იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, საერთო ოპოზიციური შეხვედრა დატოვეს, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იმართებოდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ოპოზიციამ დაუდასტურა, რომ “მიშას თამაშს თამაშობენ”.

როგორც ხვიჩია ამბობს, “გირჩის” წევრებს ოპოზიციასთან სამი კითხვა ჰქონდა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს. მისივე თქმით,  ამასთან დაკავშირებით “ატყდა ყაყანი” და მათი შეხვედრაზე ყოფნა “გაუსაძლისი გახდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი