ახალი ამბები

“ოცნება” მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას

13 თებერვალი, 2021 • 665
“ოცნება” მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას

საპარლამენტო უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შესაბამისი თხოვნით პროკურატურამ პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა. უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს სთხოვა, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩეროს, რათა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეიცვალოს.

მდინარაძის თქმით, მელიამ თავი დაიყენა ალტერნატივის წინაშე, “ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას  და სახელმწფიოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძება”.

“ჩვენ [ამ] საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან[მელიამ] წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი”, – განაცხადა მან.

მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

5 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თამჯდომარე ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, რათა გააფრთხილონ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, უწყებაში მელიას უნდა გაფორმებოდა ოქმი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მელია ერთი კვირის განმავლობაში არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებულ გირაოს 40 000 ლარის ოდენობით, ან არ უზრუნველყოფდა ამ თანხას უძრავი ქონებით, პროკურატურა სასამართლოს მიმართავდა მელიას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

პროკურატურის მტკიცებით, დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად საკმარისი თანხა ჰქონდა. ამასთან, პროკურატურის განცხადების თანახმად, მას აქვს აღნიშნული თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებაც.

თავად ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს. ვინაიდან მას პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს და იმუნიტეტი იცავს, მისთვის გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შესაცვლელად მანდატის შეწყვეტაა საჭირო. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მელიას სადეპუტატო მანდატი წინა მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუჩერა.

რა მოხდა მანამდე: საჯაროდ მოხსნილი სამაჯური

ნიკა მელიას 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა გირაო, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა მელიას 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი