ნეტგაზეთი | მელიას დაუდგება ხალხი, პარტია… ვნახოთ, როგორ დაიჭერენ, არ გავატანთ – ბარამიძე მელიას დაუდგება ხალხი, პარტია… ვნახოთ, როგორ დაიჭერენ, არ გავატანთ – ბარამიძე – Netgazeti
Batumelebi | RU

მელიას დაუდგება ხალხი, პარტია… ვნახოთ, როგორ დაიჭერენ, არ გავატანთ – ბარამიძე

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას შეეცდება, მის დაცვას ფიზიკურადაც შეეცდებიან.

“ნიკა მელიას დაჭერა ასე მარტივი არ იქნება, გარწმუნებთ, სუფთა ფიზიკურად, მას დაუდგება ხალხი, დაუდგება პარტია, დავუდგებით ჩვენ და აბა, ვნახოთ, როგორ დაიჭერენ. არ გავატანთ და ვიბრძოლებთ. იმიტომ, რომ უკანონოდ ცდილობენ, ჩემს ხელშია ხელისუფლება და კანონს როგორც მინდა, ისე ვაბურთავებ – ასე”, – განაცხადა ბარამიძემ “ფორმულას’ გადაცემა პოლიტმეტრის ეთერში და დასძინა, რომ ენმ აპირებს ბრძოლას მშვიდობიანი, არაძალადობრივი და კონსტიტუციური წესებით.

დღეს, 12 თებერვალს, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, რომ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩეროს, რათა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეიცვალოს.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი გასამართლებით თავისუფლების იდეას ასამართლებენ.

მისი თქმით, მასზე დაკისრებული გირაო უკვე გადახდილი აქვს და ამჯერად უკანონო გირაო არ გადაიხადა.

“ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს იმის, თუ რატომ ვიქცევი ისე, როგორც ვიქცევი. მე გადახდილი მაქვს ის გირაო. ვისაც არ უნდა ამ ყველაფრის დაჯერება, რიყეზე რომ ჩაიყვანოთ, იქ ქვას ვერ დაინახავს, თუ მას არ უნდა იქ ქვის დანახვა. ვადა ამოიწურა, მე უკანონო, უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი. იმიტომ, რომ როგორც არასოდეს, ვარ მართალი ჩემს მეგობრებთან და ასი ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად. ჩემი გასამართლებით თქვენ ნიკა მელიას კი არა, თავისუფლების იდეას ასამართლებთ. მცდელობა გაქვთ თავიუსფლების იდეის გასამართლების. იმ ადამიანებს ასამართლებთ, ვინც გაბედა, გამოვიდა და 20 ივნისს გითხრათ, რომ რატომ ჩასვი მტერი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

არასოდეს ისე მართალი არ ვყოფილვარ, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. იმიტომ, რომ მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი და იმდენად ძლიერი ვარ, რომ ასე მგონია, ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ. იმიტომ, რომ ჩემს უკან მხოლოდ და მხოლოდ მორალი, ზნეობა, სიმართლე, ამ ქვეყნის სიყვარულია და მეტი არაფერი”, — განაცხადა მელიამ.

5 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თამჯდომარე ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, რათა გააფრთხილონ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურაში მელიას უნდა გაფორმებოდა ოქმი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მელია ერთი კვირის განმავლობაში არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებულ გირაოს 40 000 ლარის ოდენობით, ან არ უზრუნველყოფდა ამ თანხას უძრავი ქონებით, პროკურატურა სასამართლოს მიმართავდა მელიას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

პროკურატურის მტკიცებით, დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად საკმარისი თანხა ჰქონდა. ამასთან, პროკურატურის განცხადების თანახმად, მას აქვს აღნიშნული თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებაც.

თავად ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს. ვინაიდან ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს და მას იმუნიტეტი იცავს, მისთვის გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შესაცვლელად მანდატის შეწყვეტაა საჭირო. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მელიას სადეპუტატო მანდატი წინა მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუჩერა.

ნიკა მელიას 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა გირაო, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა მელიას 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com