ახალი ამბები

სინოდი: განვიხილეთ დეკანოზ ილია ჭიღლაძის შერაცხმყოფელი განცხადებები

12 თებერვალი, 2021 • 1353
სინოდი: განვიხილეთ დეკანოზ ილია ჭიღლაძის შერაცხმყოფელი განცხადებები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი აცხადებს, რომ სხდომაზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის საკითხი განიხილეს.

როგორც სინოდის განცხადებაშია აღნიშნული, დეკანოზი საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით “დიდი ხანია უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული)”.

სინოდის განხადებით, ამ საკითხზე მოხსენება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმემ (შარაშენიძე) გააკეთა.

“ყურადღება ასევე გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა. წმიდა სინოდმა განაჩინა: აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის”, – ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

სინოდის განჩნების ტექსტის გამოქვეყნებას გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიას მართავს არა სინოდი, “არამედ სინედრიონი, რომელიც ამახინჯებს საეკლესიო კანონებს და მუდმივად არღვევს საეკლესიო სამართალს”.

“ორი დღეა ცოდვილობენ გვერდ-ნახევარი ტექსტის ჩამოყალიბებას და ძლივს გამოაქვეყნეს, რის გამოც არ იმსახურებენ ელემენტარულ პატივისცემასაც კი, რადგან მათ დიდი ხანია გაყიდეს ქრისტე და შეიყვარეს ამქვეყნიური ფუფუნება, განცხრომა, ძალაუფლება და უსამართლობა. საქართველოს ეკლესიის სინოდი, ფორმირებული საბჭოთა კგბ-ს მიერ (იხ. ედ. შევარდნაძის სატელევიზიო აღიარება), აგრძელებს ერის ზომბირებას, საეკლესიო ძალაუფლების უზურპაციას და რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვას ქართველ ხალხში, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ საქართველოში შემოჭრაზე და ცხინვალში უზარმაზარი რუსული ეკლესიის აშენებაზე და დეკანოზ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნულ, ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ ქადაგებებზე, ეპ. იაკობის, მიტრ. საბა გიგიბერიას და ეპისკ. სპირიდონ აბულაძის არასერიოზულ ქადაგებებზე/განცხადებებზე და სხვა მრავალ დარღვევაზე, მე-4 საკითხად გატანილ იქნა ჩემი საკითხი, რომ ჩემი კრიტიკა საპატრიარქოს და მისი ცალკეული იერარქების ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ, ანტიჰუმანისტურ ქმედებებზე არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ამიტომ ვიმსახურებ სადამსჯელო კომისიის მიერ განხილვას და, შესაბამისად, სასჯელს. უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი შეურაცხჰყოფა ქრისტესი და მისი ეკლესიის, რასაც ჩვენი წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდოსინოდი კადრულობს, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყვავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი. მის ნაცვლად არის ძალაუფლების და სიცრუის კერპი, რომელმაც დაიმონა მთელი საქართველი და დააზომბირა ქართველი ერის დიდი უმრავლესობა! ასეთი ფსევდოეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად და სატანის მსახურებად”, – აცხადებს დეკანოზი ჭიღლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი