ახალი ამბები

კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანასწორი — ელისაშვილი მელიას გირაოზე

12 თებერვალი, 2021 • 862
კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანასწორი — ელისაშვილი მელიას გირაოზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისშვილი ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მასზე დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარის თქმას ეხმაურება და ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, მიუხედავად მისი პოლიტიკური თანამდებობებისა.

“კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანასწორი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, უნდა იყო თანასწორი. ცოტა გაუგებარია, რომ იცით, რა, თანხას არ გადავიხდი. არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის ან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო იჯდეს ციხეში, ვიდრე იყოს გარეთ”, — აცხადებს ელისაშვილი.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ კომენტარში ელისაშვილი ამბობს, რომ მელიასთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია.

“ვინ რის გადახდას აპირებს, სიმართლე გითხრათ, ეგ არ ვიცი, ნიკა მელიასგან მოვისმინე. ცოტა ღიმილის მომგვრელი იქნება, გირაოს თანხა რომ არ გინდა გადაიხადო და ვიღაც სხვა გიხდის დაჟინებით.

თვითონ ბრალი არის აბსურდული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ აქ ხომ ამაზე არ არის საუბარი, ბრალის გამო პირდაპირ ჩასმაზე. გირაოს არგადახდის გამო მზად ვარ ციხეში წავიდე – ცოტა რაღაცნაირად უცნაურად ჟღერს”, — ამბობს ელისაშვილი.


ნიკა მელიას 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა გირაო, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა მელიას 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა  — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი