ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში საპარლამენტო ბოიკოტის გამო ბიუჯეტი კვლავ ვერ მიიღეს

11 თებერვალი, 2021 • 1712
ცხინვალში საპარლამენტო ბოიკოტის გამო ბიუჯეტი კვლავ ვერ მიიღეს

11 თებერვალს ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის კიდევ ერთი სესია ვერ შედგა, რომელსაც მათ შორის, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილა. მიზეზი კვლავ ქვორუმის არარსებობაა.

დეპუტატები ნიხასისა და სახალხო პარტიებიდან, ასევე, პარლამენტის უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სხდომებს. ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

“სესია კვლავ ვერ ჩატარდება. ეს არის ჩვეულებრივი სიგიჟე, რომელმაც, სამწუხაროდ, მოიცვა დეპუტატების ნაწილი. არიან პარლამენტარები, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ, მათ შორის: ერთიანობის, კომუნისტური, და გაერთიანებული ოსეთის პარტიებიდან. ნება მივცეთ ხალხს, გადაწყვიტონ, რა მოხდება შემდეგ”, – განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პიოტრ გასიევმა.

5 თებერვალს ცხინვალში ჩავიდა რუსეთის დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა რუსული პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეთაური კონსტანტინ კოსაჩევი.

კოსაჩევმა ოს დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო [პარლამენტის ზედა პალატა] შეშფოთებულია ოსეთში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციით. “ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვაკვირდებით სიტუაციას იმის გამო, როგორც ის ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა. ჩვენ ჩამოვედით ცხინვალში, რადგან “შიგნიდან” უკეთესად გავიგოთ არსებული მდგომარეობა”, – განაცხადა ცხინვალში ვიზიტით მყოფმა კოსაჩევმა.

ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტი სამუშაოდ 2020 წლის აგვისტოს შემდეგ არ შეკრებილა. მიზეზი, დეპუტატების განცხადებით, იყო ადგილობრივი გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება, რომელსაც ანატოლი ბიბილოვი მფარველობდა.

თავის მხრივ, ცხინვალში საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი ძაგაევის გადაყენებას ინალ ჯაბიევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების მფარველობასა და საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო მოითხოვს.

ცხინვალში საპარლამენტო სესიების ჩაუტარებლობის გამო ვერ იღებენ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს, ასევე, ვერ ამტკიცებენ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ორჯერ მიმართა წერილით პარლამენტს, რათა ჩატარებულიყო რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, თუმცა ორივეჯერ ვერ მოხერხდა, რადგან დეპუტატები პარლამენტში მუშაობის შესახებ უარს აცხადებენ.


პიოტრ გასიევის განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პარლამენტის თავჯდომარის ბრძანებულების მიხედვით, ვერც ერთი დეპუტატი ვეღარ მიიღებს ხელფასს. “პერსონალურად მე არ მესმის, რატომ ვისჯებით 14 დეპუტატის გამო 20 დეპუტატი, რომლებიც ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს”, – განაცხადა გასიევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი