ნეტგაზეთი | “ერთ-ერთი საკითხი იქნება ვაქცინაცია” — საპატრიარქოში სინდოის სხდომა მიმდინარეობს “ერთ-ერთი საკითხი იქნება ვაქცინაცია” — საპატრიარქოში სინდოის სხდომა მიმდინარეობს – Netgazeti
RU | GE  

“ერთ-ერთი საკითხი იქნება ვაქცინაცია” — საპატრიარქოში სინდოის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში დღეს, 11 თებერვალს, სინოდის სხდომა იმართება. კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს სინოდი, უცნობია. თუმცა სხდომაზე შესვლამდე ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტრპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ  სინოდზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ვაქცინაცია იქნება.

სასულულიერო პირი იმედოვნებს, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსზე ვაქცინაცია თავისუფალი ნების საკითხად დარჩება.

“ერთ-ერთი საკითხი იქნება ვაქცინაცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სინოდი ვაქცინაციას ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. მე ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ ისე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინას და ვინც არ გაიკეთებს, არც ერთს და არც მეორეს ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას საკითხი არ განიხილება

“ამ ადამიანს [მეუფე პეტრეს] არ დაუშავებია იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო მას შეუჩერა დროებით მსახურება. შესაბამისად, ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება. მან რაც დააშავა, იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს. ასე რომ, მე ვფიქრობ, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე დღეს არ იქნება”, — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა არ გამორიცხა, რომ სინოდმა რამდენიმე ეპარქიაში ეპისკოპოსების დანიშვნაზეც იმსჯელოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.