ახალი ამბები

“მოვითხოვთ გახელაძის გათავისუფლებას” – PACE-ს თანამომხსენებლები

9 თებერვალი, 2021 • 1020
“მოვითხოვთ გახელაძის გათავისუფლებას” – PACE-ს თანამომხსენებლები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ 12 წლითა და 6 თვით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო.

“ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მოვითხოვთ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ამ მხრივ, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის, პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით”, — ნათქვამია მათ განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საპარლამენტო ასამბლეის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.


საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი