ახალი ამბები

ჩხენკელი: 24-ე სკოლას მივმართეთ, დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა

9 თებერვალი, 2021 • 1843
ჩხენკელი: 24-ე სკოლას მივმართეთ, დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უწყებამ 24-ე სკოლას მიმართა, დისციპლინური საბჭოს ფორმატში განიხილოს სკოლის დირექტორის მოადგილის საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება:

“რეაგირება მიმდინარეობს. მივმართეთ სკოლას, შესაბამისმა დისციპლინირმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება”, – ამბობს ჩხენკელი.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი, რომელიც მასწავლებლების “ფეისბუკ” ჯგუფში დაიწერა.

ეკა ბროლაძე მასწავლებლებს ეუბნებოდა, რომ ორი პარალელული კლასისთვის ახალ ცხრილს გააკეთებდა, გაამსხვილებდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა კლასებს და მეორე ცვლაში გადაიყვანდა. დილით მასწავლებლები გაკვეთილებს ონლაინ ჩაატარებდნენ, ერთი მასწავლებელი კი მოვიდოდა და ორ გაკვეთილს ჩაატარებდა – “დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე”, – წერდა დირექტორის მოადგილე.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლის შენობებში სწავლა 15 თებერვალს უნდა განახლდეს. ამ დრომდე ამ ქალაქებში სწავლა ონლაინ მიმდინარეობდა პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი