ახალი ამბები

ადვოკატი ამბობს, რომ კლიენტის დაცვისას პოლიციამ დააკავა

9 თებერვალი, 2021 • 594
ადვოკატი ამბობს, რომ კლიენტის დაცვისას პოლიციამ დააკავა

იურისტი შოთა თუთბერიძე პოლიციას ადანაშაულებს მის, როგორც ადვოკატის, საქმიანობაში ხელის შეშლასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. იურისტის თქმით, პოლიციამ ის მაშინ დააკავა, როცა ცდილობდა გაერკვია, სად მიჰყავდა პოლიციას მისი დაცვის ქვეშ მყოფი და იყო თუ არა ის დაკავებული.

როგორც ადვოკატი ყვება, შემთხვევა გუშინ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მისი თქმით, პოლიციამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლება აღუკვეთა. დაკავებიდან დააახლოებით 5 წუთში, თუთბერიძის თქმით, პროცესში იგი ჩაერთო და შეეცადა გაერკვია, იყო თუ არა დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი და სად გადაჰყავდა პოლიციას:

“დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ავტომობილის მგზავრი, უფრო სწორად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მე, როგორც ადვოკატი, დაკავებიდან 5 წუთში ჩავერთე, ვცდილობდი გამერკვია, რატომ დააკავეს, ვეკითხებოდი, დაკავებული იყო თუ არა და მამისამართებდნენ პრესცენტრთან. საბაზისო ცოდნაც კი არ გააჩნდათ ადამიანის უფლებების.

დაახლოებით საათ-ნახევარი დავხარჯეთ ამ ინტელექტუალურ ჭიდაობაში, რომ გაგვერკვია დაკავებულები არიან თუ არ არიან და აქვთ თუ არა ადვოკატის ყოლის უფლება. არ მომეცა კომუნიკაციის საშუალება, საათ-ნახევარი, ორი საათის შემდეგ ჩასვეს მანქანაში, არა პოლიციის მანქანაში, ჩვეულებრივ მანქანაში და სადღაც მიჰყავდათ. ვცდილობდი გამერკვია, სად მიჰყავდათ. გარკვევის პროცესში იყო, რომ ვიღებდი ვიდეოს და ვეკითხებოდი, სად მიჰყავდათ. მათ შორის იმ მანქანის კარი გამოვაღე, სადაც ჩასვეს და მძღოლს ვეკითხებოდი, სად მიჰყავდათ. კარი დამაკეტინეს და მეც დავემორჩილე. კიდევ დაახლოებით ერთი წუთი სხვა პოლიციელებს ვეკითხებოდი, სად მიჰყავდათ, რა დროსაც ერთმა დაიძახა, დავაკავოთო და აღტაცებულებმა ხელები გადამიგრიხეს, ბორკილები დამადეს და დამაკავეს” ,- ყვება ადვოკატი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, ამის შემდეგ პოლიციამ ის მანქანაში ჩასვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სიარულის შემდეგ წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების პარკინგზე მიიყვანეს, სადაც ეკითხებოდნენ, რაში სჭირდებოდა ადვოკატს “აურზაურის მოწყობა” და ა.შ. რის შემდეგაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის და ხელწერილით გაათავისუფლეს:

“ჩამსვეს მანქანაში, ჯერ ცოტა ხანი ვისეირნეთ, შემდეგ რაღაც ეზოში გავჩერდით და დაახლოებით ერთ საათში წავედით წერეთელზე, განყოფილების პარკინგზე, სადაც მელაპარაკებოდნენ, რომ რად გინდოდა ეს აურზაური, რატომ გვიშლი ხელს, სჯეროდათ, ალბათ, რომ მე არ მქონდა ამის უფლება. მერე უკვე მითხრეს, სხვა გზა არაა, ოქმი უნდა გამოვწეროთო. გამოწერეს ოქმი დაუმორჩილებლობაზე, ხელწერილი დამაწერინეს, რომ მოთხოვნისთანავე გამოვცხადდები სასამართლოში და გამომიშვეს”, – ამბობს ადვოკატი.

თუთბერიძის თქმით, საკუთარ დაკავებამდე დაუკავშირდა შსს-ს გენინსპექციას, თუმცა უწყებასთან ხელახალ კომუნიკაციას გეგმავს, რათა გაარკვიოს, თუ რა რეაგირება მოახდინეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე აპირებს, რომ საჩივარი დაწეროს პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევებზე, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, უფლებამოსილების გადამეტებისა და ადვოკატისთვის ხელის შეშლაზე:

“ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადია და ასევე, იმ პირებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა.  უფრო მეტიც, უფლებამოსილების გადამეტებაც ჩაიდინეს”, – ამბობს თუთბერიძე.

რაც შეეხება პირს, რომლის უფლებებსაც თუთბერიძე იცავდა, მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ პოლიციას მისთვის წერილი უდნა გადაეცა და მისი დაკავება არც მომხდარა. მიუხედავად ამისა, ადვოკატის თქმით, პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ადვოკატს კი არ მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ:

“ის ადამიანი, რომლის უფლებების დასაცავადაც მე ვიბრძოდი, აღმოჩნდა, რომ ისე გაუშვეს, არც არაფერი გაუფორმებიათ, არც ოქმი შეუდგენიათ, წერილი გადასცეს და გაუშვეს. არც დაუაკვებიათ. აღმოჩნდა, უნდოდათ საფოსტო გზავნილის გადაცემა, ფოსტას ვერ პოულობდა და სთხოვეს პოლიციას დახმარება. დაიჭირეს ყველანაირი საპროცესო წესების დაცვის გარეშე. ისაც ვერ მოვისმინე, დაკავებული იყო თუ არა მათგან. ესეც არ გვითხრეს. მე რომ გამომიშვეს, ეს ადამიანი მელოდებოდა და მაშინ გავიგე. თითქოს არაფერი, გაიტაცეს ადამიანი ორი საათი, ყველა ანერვიულეს და მერე გაუშვეს”, – ამბობს თუთბერიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი