ახალი ამბები

თამარ ჟვანიას წასვლა მოუწევს – ელისაშვილი

8 თებერვალი, 2021 • 1026
თამარ ჟვანიას წასვლა მოუწევს – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებასთან” გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, საარჩევნო რეფორმა გულისხმობს ცესკოს თავმდჯდომარის, თამარ ჟვანიას შეცვლასაც.

“ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესი უნდა დაინერგოს. ეს ნიშნავს, რომ ახალი თავმჯდომარე ეყოლება ცესკოს ახლებური წესის მიხედვით. შესაბამისად, ორი თავმჯდომარე ხომ ვერ ეყოლება, ეს იმას ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა მოუწევს”,— განაცხადა ელისაშვილმა “ფორმულასთან”.

ლევან იოსელიანის თქმით კი, ის, რომ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარედ ვეღარ დარჩება,  მხოლო მათი პარტიის მოსაზრება არ არის და მთელი საზოგადოება შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ჟვანია მომავალ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს.

“დოკუმენტი არ ითვალისწინებს ჟვანიას პერსონალური ცვლილების საკითხს, მაგრამ რეფორმა გულისხმობს სხვაგარად დაკომპლექტების წესს, შესაბამისად, ამ დაკომპლექტების წესით ჟვანია თავმჯდომარედ ვეღარ დარჩება”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა “ფორმულასთან”.

თუმცა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე განმარტავს, რომ ცესკოს ამჟამინდელ წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშია შესაძლებელი.

“ცესკოს დღეს მოქმედ წევრებს, მათ შორის თავმჯდომარეს, აქვს ვადა და ამ ვადის ფარგლებში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ვადამდე შეწყვეტა მისი უფლებამოსილების”, — გიორგი შარაბიძემ.

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე 2018 წლის დეკემბერში 5 წლის ვადით, 2023 წლამდე აირჩიეს.

ამავე თემაზე გირჩევთ

“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი