ახალი ამბები

ბათუმის აქციაზე დაკავებულები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

7 თებერვალი, 2021 • 749
ბათუმის აქციაზე დაკავებულები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

“რა მტკიცებულება სჭირდება ამას? რა ვიდეოს წარმოდგენაა საჭირო? ფაქტია, რომ კომენდანტის საათი დაირღვა…” – იკითხა მოსამართლე კობა გოცირიძემ, როცა ადვოკატმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და პროცესის გადადება ითხოვა ვიდეო მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით.

მოსამართლემ უარი თქვა პროცესის გადადებაზე, რის გამოც თავად მოსამართლის აცილება ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ითხოვა.

“მე არავითარი თქვენი კონსტიტუციური უფლება არ შემიზღუდია, შემჭიდროებული ვადები არსებობს…” – უარი თქვა აცილების დაკმაყოფილებაზეც მოსამართლემ და პროცესი განაგრძო.

დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 თებერვლის ღამით დაკავებულების საქმე განიხილეს. მოსამართლემ 1000-1000 ლარით დააჯარიმა აქციის 7 მონაწილე. ეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაზე. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კი იგივე პირები წუხელ თავად პოლიციამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

აქციის მონაწილეები გუშინ, 6 იანვარს, დაახლოებით ღამის 11 საათზე დააკავეს, როცა ისინი პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის, კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების დროს პოლიციამ ისინი სცემა. ამ დაკავების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – ირაკლი ჭედიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

“თვითონ იძალადეს ჩემზე, როცა პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს… კისერში მიჭერდა ხელს პოლიციელი, თქვენ სანამ ასეთ აზრებს არ ამოიგდებთ თავიდანო,” – უთხრა მოსამართლეს ქეთი კობაურმა. ისიც გუშინ ღამით დააკავეს ბათუმში და შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.

“თქვენ ბათუმში რატომ იყავით?” – ჰკითხა მოსამართლემ ხელწერილით გათავისუფლებულს, რომელმაც მანამდე თქვა, რომ აშშ-ს მოქალაქეცა და კასპში ცხოვრობს.

“საქართველო ყველასია,” – რამდენიმემ ერთად წამოიძახა გისოსებს მიღმა.

“ფაქტია, რომ კომენდანტის საათი დაირღვა,” – პოლიციელებს გახედა მოსამართლემ.

“თბილისშიც დაირღვა მასე, მაგრამ იქ არავინ დაუკავებიათ, ესენი ცოტანი იყვნენ და მაგიტომ დააკავეს,” – აყვირდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

“მაგი მე არ ვიცი,” – მხრები აიჩეჩა მოსამართლემ.

“არ დაგვემორჩილენ, არ მოგვცეს პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა,” – მიმართეს პოლიციელებმა მოსამართლეს. მათი თქმით, პოლიციელებმა “გმირთა ხეივანში” დაინახეს რამდენიმე მოქალაქე და მათი გადამოწმება გადაწყვიტეს.

“არ ყოფილა ეს მოთხოვნა, პოლიციას ჩვენთვის არაფერი მოუთხოვია,” – ახმაურდნენ გისოსებს მიღმა მსხდომი დაკავებულები.

“აბა, პოლიციელები იტყუებიან?” – იკითხა მოსამართლემ.

“სადაა მტკიცებულება, ერთი მტკიცებულება მაინც, რომ ესენი არ გემორჩილებოდნენ?” – პოლიციელებს მიაჩერდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

“ეტყობა, კოლეგა პოლიციელიც ვერ დაითანხმეს, რომ ცრუ ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის,” – დასძინა ადვოკატმა.

მოსამართლემ უარი თქვა ენახა აქციის მონაწილეების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც არ ჩანს პოლიციელის მოთხოვნა და ისმის აქციის მონაწილეების ხმა, რომ თუ დასაჯარიმებელია, დააჯარიმონ.

“თუ ძალადობა იყო, ამისთვის უნდა მიმართოთ სახელმწიფი ინსპექტორს… ” – აღნიშნა მოსამართლემ.

სასამართლო ცალკე განიხილავს აქციაზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირის საქმეს, მათ შორისაა ფირუზ წულუკიძე, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეა. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, ის რატომღაც გუშინ ღამით ქობულეთის იზოლატორში გადაიყვანეს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე კობა გოცირიძემ გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

“მე კანონს ვიცავ,” – თქვა მოსამართლემ, რის შემდეგაც ადვოკატმა იკითხა:

“გამოდის, აქამდე სასამართლო კანონს არღვევდა, როცა ყველა იღებდა?”

ამ რეპლიკის შემდეგ მოსამართლემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარბაზში კამერების გარეშე დარჩენა შეეძლოთ.

___

არსებული შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ აქცია წუხელ თბილისშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 21:00 საათიდან მსვლელობა მოაწყეს თბილისის ქუჩებში, თუმცა ამისთვის ისინი პოლიციას არ დაუჯარიმებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი