ახალი ამბები

“მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის” – მდინარაძე ოპოზიციაზე

5 თებერვალი, 2021 • 632
“მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის” – მდინარაძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მმართველ გუნდს ბევრი “ხვეწნა გამოსდის”.

როგორც მდინარაძე ამბობს,  ოპოზიციას “აბსურდული” არგუმენტები აქვს  არჩევნების გაყალებებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ “ცრუ ნარატივით”.

“მე მგონი, უკვე მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის, რომ შემობრძანდით, გეპატიჟებით. გუშინ მთელი საინფორმაციო ველი ყველა ტელევიზიის ამით იყო გაჯერებული და ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა. თუმცა, თუ მათ რაიმე არგუმენტი, ერთი მაინც დარჩათ იმ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, შემიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არგუმენტები წარმოადგინონ კომისიაში, თუ არადა, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმიტომ, რომ ძალიან მწარედ მოატყუეს ის ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში, მათ ამომრჩეველს წარმოადგენენ. იმიტომ, რომ ძირითადი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის უკვე ამ ნარატივში აღარ ცხოვრობს”, — განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიცია მიუთითებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავს. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი