ახალი ამბები

ბელგიაში დააპატიმრეს ირანელი დიპლომატი, რომელსაც აფეთქების დაგეგმვას ედავებოდნენ

4 თებერვალი, 2021 • 1002
ბელგიაში დააპატიმრეს ირანელი დიპლომატი, რომელსაც აფეთქების დაგეგმვას ედავებოდნენ

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაასამართლეს ირანელი დიპლომატი, რომელსაც ემიგრაციაში მოქმედი ირანული ოპოზიციური ჯგუფის შეკრებაზე აფეთქების დაგეგმვას ედავებოდნენ. 49 წლის ასადოლაჰ ასადი ვენაში, ირანის საელჩოში მუშაობდა. მას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიების ფარგლებში, ჯამში, 4 ადამიანია დაპატიმრებული. ოპერაცია ჩატარდა გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით.

ირანული ოპოზიციური ორგანიზაციის შეკრება, რომლის დროსაც აფეთქებას გეგმავდნენ, 2018 წელს პარიზთან ახლოს გაიმართა. ღონისძიებას ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის, აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი, რუდი ჯულიანი ესწრებოდა.

ასადი 2018 წლის ივნისში გერმანიაში დააკავეს. BBC-ის ცნობით, მანამდე ირანული წარმოშობის ბელგიელ წყვილს შეხვდა ლუქსემბურგში, ერთ-ერთ პიცერიაში. მოგვიანებით პოლიციამ წყვილი ბრიუსელში დააკავა. მათ თან ჰქონდათ ნახევარი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც, გამოძიების ცნობით,  ოპოზიციური ორგანიზაციის შეკრებისას უნდა გამოეყენებინათ.

წყვილმა აღიარა, რომ პაკეტი უკვე დაპატიმრებული ირანელი დიპლომატისგან მიიღო, თუმცა თქვეს, რომ არ იცოდნენ, რა იდო შიგნით. მეოთხე ადამიანი – ბელგიელ-ირანლი მწერალი მერჰად არეფანი – სამართალდამცავებმა პარიზში დააკავეს და დანაშაულში თანამონაწილეობა დასდეს ბრალად. სამივე მათგანს 15-დან 18 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.

დაგეგმილ დანაშაულში საფრანგეთმა 2018 წელსვე ირანის დაზვერვის სამინისტრო დაადანაშაულა და ორი ირანელი მაღალჩინოსნის ანგარიშებიც გაყინა. თეირანში ამბობენ, რომ ყოველივე ეს ფაბრიკაციაა.

დაგეგმილი აფეთქების სამიზნე იყო ირანული ოპოზიციური ჯგუფი, სახელწოდებით “ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო”. აღნიშნული ორგანიზაცია განიხილება ემიგრაციაში მყოფი ირანული ოპოზიციური მოძრაობის,  “ხალხის მუჯაჰიდების (მოჯაჰედინ-ე ხალყ)” პოლიტიკურ ფრთად.

“ხალხის მუჯაჰიდები”, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ, 80-იან წლებში, არაერთი ირანელი მაღალჩინოსნის მკვლელობა მიეწერება, ამჟამად საზღვარგარეთ საქმიანობს და ძლიერი ლობიც ჰყავს. ირანმა ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ორგანიზაციის ლიდერი მარიამ რაჯავი დიპლომატისა და სხვების დაპატიმრებას “ბრწყინვალე გამარჯვებად” აფასებს. მისი თქმით, ეს არის ძლიერი დარტყმა ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი