ახალი ამბები

გენრი დოლიძე პარტია მოქალაქეებს ტოვებს

3 თებერვალი, 2021 • 1347
გენრი დოლიძე პარტია მოქალაქეებს ტოვებს

პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” წევრი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გენრი დოლიძე აცხადებს, რომ პარტიას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს.

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მან თავადვე, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად.

ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოსა და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ, რომ ასე სწამთ!..

მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას”, – აცხადებს გენრი დოლიძე სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

დოლიძის განცხადებით, იგი პოლიტიკას ტოვებს, თუმცა “უბრუნდება სამოქალაქო აქტივიზმს”.


პოლიტიკური პარტია მოქალაქეების ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარტია ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების შედეგად, 29 იანვარს განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ ერთობლივ მემორანდუმზე, რომელიც “საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობდა”.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პარტია მოქალაქეები საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო. პარტიას პარლამენტში ორი სადეპუტატო მანდატი აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი