საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რამდენადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გახარიასა და ინდოელი დიპლომატის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასაც.
“ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ინდოეთის ელჩმა დაადასტურა ინდოეთის რესპუბლიკის მზადყოფნა, მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო ინტენსიური გახდეს. უკვე დასრულებულია შესაბამისი მიზანშეწონილობის კვლევა და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, უახლოეს მომავალში შედგება”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ფოტო გარეკანზე: მთავრობის ადმინისტრაცია
ამ დრომდე ინდოეთს საქართველოში საელჩო არ აქვს. საქართველოს “დაფარვა” ხდებოდა სომხეთში, ერევანში გახსნილი საელჩოდან. საქართველოს საელჩო ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში აქვს, რომელიც თავდაპირველად 2005 წელს გაიხსნა, როგორც საპატიო საკონსულო, მოგვიანებით კი საელჩოს ფორმით შეიცვალა.