ახალი ამბები

მკვლევარი, რომელსაც პატიმრობა ემუქრებოდა, ირანიდან დათოვლილი მთების გავლით გაიქცა

3 თებერვალი, 2021 • 899
მკვლევარი, რომელსაც პატიმრობა ემუქრებოდა, ირანიდან დათოვლილი მთების გავლით გაიქცა

ბრიტანეთისა და ირანის ორმაგმა მოქალაქემ, რომელსაც ირანში “მტერ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობის ბრალდებით 9 წელი მიუსაჯეს, ქვეყნის მთიანი საზღვარი მალულად გადალახა და ლონდონში გაიქცა. ქამელ აჰმადი ირანის ციხეში გატარებულ რთულ დღეებს იხსენებს და მისი დასჯის მთავარ მიზეზად, ერთი მხრივ, ორმაგ მოქალაქეობას, მეორე მხრივ კი – კვლევით საქმიანობას ასახელებს.

აჰმადი ე.წ. ირანის აზერბაიჯანში, სუნიტი ქურთების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. როდესაც 18 წლის გახდა, მშობლებმა დიდ ბრიტანეთში გაგზავნეს განათლების მისაღებად. სანამ სამშობლოში ანთროპოლოგის კვალიფიკაციით დაბრუნდებოდა, ლონდონში ცხოვრებით მოხიბლულმა ორმაგ მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანა და მიიღო კიდეც.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ირანში დაბრუნებული ქამელ აჰმადის კვლევების ძირითადი სამიზნე ბავშვთა ქორწინებისა და ქალთა გენიტალების დასახიჩრების პრაქტიკა იყო. ის ცდილობდა, ოფიციალური პირებისთვის მიეწვდინა ხმა და ქალთა ქორწინების დადგენილი ასაკის (ამჟამად, 13 წელი) აწევისთვის იბრძოდა. სწორედ ეს გახდა ქამელ აჰმადის მიმართ ხელისუფლების ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

მკვლევარი პირველად 2019 წლის აგვისტოში დააკავეს, როცა გაეროს ადამიანის უფლებათა კონფერენციიდან ირანში დაბრუნდა. ადამიანი, რომელმაც სახლის კარზე დაუკაკუნა, ფოსტალიონად გაეცნო, თუმცა, სინამდვილეში, კარს მიღმა “რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” წარმომადგენლები იდგნენ. აჰმადი გადაიყვანეს ევინის ცნობილ ციხეში, სადაც არაერთი პოლიტპატიმარი იხდის სასჯელს.

მკვლევარი მანამდეც გრძნობდა, რომ დააკავებდნენ. როგორც ყვება, საკანში მოთავსებამდე, ქუჩაში სიარულისას, გასტაცეს ტელეფონი, გატეხეს მისი ანგარიშები და მეილები, ხოლო სემინარები და სხვა ღონისძიებები, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო, ბოლო წუთს უქმდებოდა.

თავისი საქმიანობის გარდა, მკვლევარი ამ ფაქტს უკავშირებს იმავე პერიოდში გიბრალტარის სრუტეში მომხდარ შემთხვევას, როცა ბრიტანეთმა ირანული ხომალდი ევროკავშირის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა. იხსენებს იმასაც, რომ როცა ხომალდი გაათავისუფლეს, ციხის თანამშრომელმა ასე მიმართა:

“მადლობა შენ… ჩვენი გემი დავიბრუნეთ!”

როცა იკითხა, რა კავშირში იყო მისი საქმე გემთან, ციხეში უთხრეს, რომ ბრიტანეთისთვის ის “ძვირი ღირს”, ვინაიდან იქ ადამიანის უფლებები ფასობს, ქამელ აჰმადი კი სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეა.

აჰმადი “გარდიანს” უყვება, რა გამოიარა 100-დღიანი პატიმრობისას თეირანის ციხეში:

“თავიდან [მომათავსეს] ძალიან, ძალიან პატარა ოთახში, საფლავს ჰგავდა. სამი პლედი მქონდა: ერთი – გადასაფარებლად, ერთიც – ზედ დასაწოლად და კიდევ ერთი – ბალიშად. 24 საათის განმავლობაში თავზე დაგნათის მკვეთრი შუქი, გაქვს ყურანი, [თიხის ნაჭერი], რომელზეც შიიტები ლოცულობენ და ტელეფონი, რათა მცველს დაეკონტაქტო, თუ საპირფარეშოში გასვლა გინდა.

არანაირი ბუნებრივი სინათლე არ შემოდის, ხოლო საკნის კარზე სარკმელი მაშინ იღება, როცა საჭმელს გაწვდიან. ეს [სარკმელია] კომუნიკაციის ერთადერთი გზა გარესამყაროსთან. იმდენად დიდი სიჩუმეა, რომ გიჟდები. არ იცი, რა დროა და არც ის იცი, რა გელის წინ”.

ქამელ აჰმადი საუბრობს ფსიქოლოგიურ მანიპულაციებზეც ციხის თანამშრომელთა მხრიდან. მისი თქმით, იყო გამუდმებული მცდელობა, მოენათლათ ბრიტანეთის აგენტად, რომელიც ირანში გამოგზავნამდე კარგად გაწვრთნეს და ახლა ცდილობს, ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეებში. აჰმადი ყვება, რომ როცა შედარებით დიდ საკანში გადაიყვანეს, სადაც სიარული შეეძლო, ჰქონდა შეგრძნება, თითქოს ბუკინგემის სასახლეში მიავლინეს.

მკვლევარი სასამართლოს სხდომამდე, დროებით გაათავისუფლეს, თუმცა 2020 წლის დეკემბერში გამოტანილი განაჩენი იმაზე მწვავე იყო, ვიდრე ელოდა: 9 წელიწადი და 3 თვე ციხეში. გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლე მის კვლევით საქმიანობას მთლიანად უკავშირებდა წარდგენილ ბრალს.

“შეიძლება ითქვას, რომ ბავშვთა ქორწინების ასაკის აწევა ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომლითაც მტერი ცდილობს, დაასუსტოს და დაანგრიოს ირანის ოჯახის სისტემა. ბატონი ქამილ აჰმადი ამ სტრატეგიის აღსრულების ერთ-ერთი ლიდერია”, – აცხადებდა მოსამართლე.

სანამ გირაოს სანაცვლოდ თავისუფალი იყო, მკვლევარმა გააანალიზა, რომ სამართლებრივ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა; განაჩენის აღსრულების შემთხვევაში, თითქმის 10 წლის მანძილზე უნდა დასცილებოდა ოჯახს, მათ შორის, მცირეწლოვან შვილს. ამიტომაც გადაწყვიტა, გაქცეულიყო. ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე საჭირო ნივთი, თბილი სამოსი, ლეპტოპი და თავისი წიგნები ჩაალაგა.

მკვლევარმა ირანი დატოვა დათოვლილი და ნისლიანი მთების გავლით, იმ ბილიკების მეშვეობით, რომელთაც კონტრაბანდისტები ხშირად იყენებენ ირანში სხვადასხვა უკანონო ტვირთის ჩასატანად. გზა საკმაოდ სახიფათოა როგორც ბუნებრივი პირობების, ისე გაძლიერებული სასაზღვრო კონტროლის გამო. თუმცა ქამელ აჰმადის მცდელობა წარმატებით დასრულდა. ის ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ვებრძოდი – გადაწყვეტილება გაქცევისა. ეს არის ნაბიჯი, რომელიც უზარმაზარი ზეწოლის შედეგად გადავდგი ისე, რომ ბევრი არჩევანი არ მქონდა… თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას, დავრჩენილიყავი [ირანში] და მუშაობა გამეგრძელებინა”, – წერს მკვლევარი თავის ვებგვერდზე.

ქამელ აჰმადის თქმით, სურს, მუშაობა განაგრძოს და წარმოადგენდეს სიღარიბეში მცხოვრები ირანის მოქალაქეების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი