ახალი ამბები

თურქეთის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტებით შეძლებენ შემოსვლას

3 თებერვალი, 2021 • 1368
თურქეთის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტებით შეძლებენ შემოსვლას

მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე, სავალდებული თვითიზოლაციის გარეშე შემოვლენ, თურქეთიც დაემატა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორიდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გარდა ამისა, თურქეთის მოქალქეებს ქვეყანაში ყოფნის მესამე დღეს, საკუთარი ხარჯებით,  განმეორებით მოუწევთ PCR ტესტის გაკეთება.

“გვაქვს დადგენილი ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ადამიანი შემოდის ნეგატიური PCR ტესტით და ვალდებულია საქართველოში ყოფნის მესამე დღეს კვლავ ჩაიტაროს ტესტირება. როგორც ადრე ვთქვით, ამ ქვეყნების სია გადაიხედება ხოლმე. ამის მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარება და ის ამოცანებია, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშე დგას. დღეს ერთ ასეთ ცვლილებაზე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთის რესპუბლიკა. ჩვენი დიდი მეზობელი. აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით. ეს არის კარგი, დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის წყარო იყო ტურისტების, ასევე, საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან”,-აცხადებს თურნავა.

29 იანვარს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში ყველა ქვეყნიდან შემოსვლას შეძლებენ ის პირები, რომელთაც Covid-19-ის ვაქცინა ექნებათ გაკეთებული. მინისტრმა ასევე დაასახელა ის ქვეყნები, საიდანაც ვიზიტორები ვაქცინის გარეშე შემოსვლას შეძლებენ, თუმცა ვალდებულები იქნებიან საზღვარზე წარმოადგინონ PCR ტესტი, ხოლო სამი დღის შემდე, ტესტი საქართველოს ტერიტორიაზე ხელახლა გაიკეთონ. საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს მიმართავს, ბორტზე არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ PCR ტესტი გაკეთებული ან კორონავირუსზე არ იქნებიან აცრილი.

“რაც შეეხება უცხო ქვეყნის არავაქცინირებულ ვიზიტორებს, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ასევე, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, მათ ქვეყანაში შემოსავლის უფლება ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ხოლო ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი. ანუ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ”,-აცხადებდა თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი