ახალი ამბები

თურქეთი: სტუდენტები და ლექტორები ერდოღანის დანიშნული რექტორის წინააღმდეგ

2 თებერვალი, 2021 • 1077
თურქეთი: სტუდენტები და ლექტორები ერდოღანის დანიშნული რექტორის წინააღმდეგ

სტამბოლის ბოღაზიჩის უნივერსიტეტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების ცენტრად მიიჩნევა, 2021 წლის იანვრიდან სტუდენტური პროტესტის, წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის ცენტრადაც იქცა. მეორე თვეა, სტუდენტები გადადგომისკენ მოუწოდებენ რექტორს, რომელიც აკადემიკოსების ნაცვლად პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დანიშნა.

აქციები შეტაკებების ფონზე გრძელდება. პროტესტის დაწყებიდან დღემდე ასობით ადამიანი დააკავეს, თუმცა სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ გაჩერდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ არა მხოლოდ თავიანთი უნივერსიტეტის, არამედ თურქეთის მთელი აკადემიური სივრცის ავტონომიისთვის.

რამ განაპირობა მღელვარება?

ბოღაზიჩის უნივერსიტეტი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა თურქეთში. მისი არაერთი კურსდამთავრებული დღეს წარმატებით საქმიანობს დიდ კომპანიებსა და აკადემიურ სივრცეებში.

ამას გარდა, ხსენებული უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ლიბერალური და სეკულარული ღირებულებებით. ბოღაზიჩი თურქეთის აკადემიური კულტურის ნაწილი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდანაა, როცა ის აშშ-ის მიერ დაფუძნებული რობერტის კოლეჯის ნაწილი იყო.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოღაზიჩის ღირებულებები საფრთხის ქვეშ დადგა მიმდინარე წლის პირველ იანვარს, როდესაც კონსერვატიული “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” ლიდერმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უნივერსიტეტს თავად დაუნიშნა რექტორი.

მელიჰ ბულუ: ბოღაზიჩის უნივერსიტეტის ახალი რექტორი

ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ხანგრძლივ ტრადიციას, რომლის ფარგლებშიც რექტორს უნივერსიტეტის პროფესორები ირჩევენ. თუმცა ერდოღანს, რომლის ძალაუფლებაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გასული წლის საპრეზიდენტო ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილება მიენიჭა, თავად დანიშნოს რექტორები უნივერსიტეტებში.

ბოღაზიჩის შემთხვევაში, პრეზიდენტის არჩევანი მელიჰ ბულუა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის დანიშვნასაც არაერთი აღიქვამს ერდოღანის მცდელობად, კიდევ უფრო გააფართოოს საკუთარი ძალაუფლება საგანმანათლებლო სექტორზე, რომლის ავტონომიურობაც ისედაც მრავალგზის შეილახა უკანასკნელ ხანებში.

სტუდენტებისა და ლექტორების მყისიერი პროტესტი

რექტორის “გარედან” დანიშვნას სწრაფად უპასუხეს როგორც სტუდენტებმა, ისე ლექტორებმა. არაერთმა სტუდენტურმა კლუბმა სოციალურ ქსელებში საპროტესტო კამპანია დაიწყო, რასაც მალე მხარდამჭერი განცხადებით უპასუხეს უნივერსიტეტის საფაკულტეტო ორგანოს წევრებმა.

უკმაყოფილება მალე გასცდა სოციალურ ქსელებს და 4 იანვარს ბოღაზიჩის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კამპუსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა. იყო პოლიციასთან შეტაკებებიც. სოლიდარობის აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც. აქტივისტების სახლებში ჩატარებული რეიდების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს. თურქული “ბიანეტის” ცნობით, არაერთი ჩიოდა, რომ პოლიციამ გააშიშვლა და ისე გაჩხრიკა.

სახელმწიფოს მკაცრი პასუხის მიუხედავად, პროტესტი არათუ შეჩერდა, არამედ უფრო მრავალფეროვანი გახდა. მდუმარე საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც პერმანენტულად იმართება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სტუდენტები ხატავენ, მართავენ გამოფენებს, მღერიან და იღებენ კლიპებს.

პროტესტის მონაწილეები შიშობენ, რომ კონსერვატორი პრეზიდენტის მიერ დანიშნული რექტორი დახურავს სტუდენტურ კლუბებს და ჩაახშობს აქტივობებს, რომლებსაც სტუდენტები სალექციო პროცესის მიღმა მართავენ.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრინციპები, რომლებიც ოფიციალურად გაიწერა 2012 წელს უნივერსიტეტის სენატის მიერ. ისინი დაკავშირებულია აკადემიურ თავისუფლებასთან და სამეცნიერო ავტონომიასთან, ისევე, როგორც დემოკრატიულ ფასეულობებთან ჩვენს უნივერსიტეტში.

ეს დანიშვნა ცალსახად არღვევს ამ პრინციპებს. ასე რომ, გადავწყვიტეთ, ავიმაღლოთ ხმა და არ დავეთანხმოთ იმას, რაც ხდება”, – ამბობს პროფესორი ჯან ჯანდანი, რომელიც ბოღაზიჩის უნივერსიტეტში დოკუმენტურ კინემატოგრაფიას ასწავლის.

სტუდენტების აქცია სტამბოლში, ბოღაზიჩის უნივერსიტეტის ახალი რექტორის წინააღმდეგ. 06.01.21 ფოტო: EPA

თავად მელიჰ ბულუმ, თავდაპირველად, სტუდენტებთან დაახლოება სცადა და ისიც აღნიშნა, რომ ის არის “უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც მეტალიკას უსმენს”. თუმცა შემდგომი პროცესებით გამოჩნდა, რომ მძიმე მეტალის მიმართ ბულუს გაცხადებულმა სიყვარულმა კრიტიკოსების დამოკიდებულება ვერ შეცვალა.

პროტესტის მეორე თვე შეტაკებებითა და დაკავებებით დაიწყო

პირველ თებერვალს ბოღაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები მორიგი პროტესტისთვის ემზადებოდნენ, რა დროსაც პროცესში ისევ პოლიცია ჩაერია. იმ დღეს ბოღაზიჩის უნივერსიტეტმა დაკავებების ორი სერია იხილა.

თავდაპირველად, სტუდენტები უნივერსიტეტის სამხრეთ კამპუსთან შეიკრიბნენ. პოლიციამ აქტივისტებს შეკრებაში ხელი შეუშალა და მათთან შეერთების საშუალება არ მისცა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კამპუსის შიგნით იმყოფებოდნენ. დააკავეს ათეულობით ადამიანი.

პოლიცია უნივერსიტეტის წინ, საპროტესტოდ გამოსულ მოქალაქეს აკავებს. 01.02.21 ფოტო: EPA

მოგვიანებით, სტუდენტების ნაწილი უშუალოდ რექტორის ოფისთან შეიკრიბა. პოლიცია იქაც მალევე გამოჩნდა და შეკრებილებს უთხრა, რომ არალეგალური იყო როგორც 21:00 საათის შემდეგ შეკრება (“კომენდანტის საათის” გამო), ისე რექტორის კაბინეტის ბლოკირება. დემონსტრანტები ადგილზე დარჩნენ, რის შემდეგაც მორიგი დაკავებები დაიწყეს.

ჯამში, პირველი თებერვლის პროტესტისას 159 ადამიანი დააკავეს. სტუდენტებს სოლიდარობა პროფესორებმა გამოუცხადეს, რომლებიც 2 თებერვალს ბოღაზიჩის ტერიტორიაზე მათი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. ლექტორებს ხელში ეჭირათ ბანერები, წარწერით “159”. მედიის ცნობით, სტუდენტების ნაწილი უკვე თავისუფალია.

ლექტორების სოლიდარობა სტუდენტებს. 02.01.21 ფოტო: Boğaziçi Direnişi

მღელვარების პარალელურად, სტამბოლის გუბერნატორმა განსაზღვრა სია იმ ადგილებისა, სადაც პროტესტი დაშვებულია.

შეტაკებები და დაკავებები 2 თებერვალსაც გაგრძელდა. პოლიციამ ცრემსლადენი გაზი და პლასტიკური ტყვიები გამოიყენა  სტამბოლის აზიურ ნაწილში, სტუდენტებისადმი სოლიდარობის აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. დააკავეს ათეულობით ადამიანი.

მიმდინარე დღეებში სტუდენტები მხოლოდ “არალეგალურ აქციებში” მონაწილეობის გამო არ დაუკავებიათ: პოლიციამ ასევე დააკავა უნივერსიტეტის ლგბტ კლუბის რამდენიმე წევრი, რომელთაც ილუსტრაციაზე მუსლიმებისთვის წმინდა ადგილი – ქააბას ტაძარი – ლგბტ სიმბოლიკასთან ერთად გამოსახეს. ამის შემდეგ ახალმა რექტორმა კლუბი დახურა.

ოპოზიციის სოლიდარობა და მთავრობის მომხრეთა რიტორიკა

პირველი თებერვლის მოვლენების შემდეგ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა.

“მიუღებელია ახალგაზრდების დაკავება შუაღამით ჩატარებული ოპერაციისას იმის გამო, რომ ისინი უნივერსიტეტს, მერიტოკრატიასა და სამართლიანობას იცავენ.

რექტორმა მელიჰ ბოლუმ უნდა დატოვოს ოფისი და დაასრულოს ეს მახინჯი პროცესი” – დაწერა “ტვიტერზე”  მთავარი ოპოზიციური ძალის, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

სოლიდარობის განცხადებები ასევე გაავრცელეს პროქურთულმა “ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ”, რამდენიმე მემარცხენე პოლიტიკურმა ძალამ და ერდოღანის ყოფილმა მოკავშირემ, ალი ბაბაჯანმა, რომელმაც 2020 წელს ოპოზიციური პარტია დააფუძნა.

ადამიანები, რომლებიც ბოღაზიჩის უნივერსიტეტის ახალ რექტორს მხარს უჭერენ, საუბრობენ “ელიტიზმზე”, რომლის ფარგლებშიც, წლების მანძილზე, კონსერვატორი და მორწმუნე მოქალაქეების დისკრიმინაცია ხდებოდა.

ერთ-ერთი პროსამთავრობო გაზეთის ჟურნალისტი, რომელიც ბოღაზიჩის კურსდამთავრებულია, ამბობს, რომ უნივერსიტეტი ეკუთვნის მთელ ერს და არამხოლოდ “ელიტისტებს”.

კრიტიკოსები მსგავს მიდგომებს სამთავრობო პროპაგანდას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ბოღაზიჩიში სწავლობენ სტუდენტები სხვადასხვა პროვინციიდან, განსხვავებული რელიგიური მრწამსითა და იდეებით, იქ მოხვედრის შანსები კი ელიტებთან მიკუთვნებლობაზე დამოკიდებული არ არის.

“მე რელიგიური ვარ. მე ვარ მუსლიმი. მე მჯერა იმის, რომ შეგვიძლია თანაარსებობა”, – ციტირებს NY Times პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტს, ზეინეფ ბაირაქს, რომელიც სხვებთან ერთად აპროტესტებს ახალი რექტორის დანიშვნას.

სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, თუმცა სლოგანების ჩამონათვალი იზრდება. თურქული მედიის ცნობით, აქციაზე მიმავალ სტუდენტთა ჯგუფს პოლიციამ მოუწოდა, თავები ჩაეხარათ. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ახალი ჰეშთეგი სოციალურ ქსელში: “ჩვენ არ ჩავხრით თავს!”

მასალების გადაბეჭდვის წესი