ახალი ამბები

შეგვიძლია ჩავაგდოთ, შეგვიძლია არა, ვარიანტები ბევრია — პაპუაშვილი ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე

1 თებერვალი, 2021 • 749
შეგვიძლია ჩავაგდოთ, შეგვიძლია არა, ვარიანტები ბევრია — პაპუაშვილი ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით უმრავლესობაში რამდენიმე ვარიანტი აქვთ.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, “ქართულ ოცნების” არჩევანი უფრო ფართოა, ვიდრე მათი ოპონენტების და ამიტომ ამ ვარიანტებიდან იმას შეარჩევენ, რომელიც ყველაზე “ოპტიმალური” იქნება.

“შეგვიძლია ჩავაგდოთ, შეგვიძლია არ ჩავაგდოთ, შეიძლება ნაწილს შევუჩეროთ, ვარიანტები ბევრია. იმის მიხედვით[შევარჩევთ], თუ რა იქნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა, რომ ერთი მხრივ, ხელი შევუშალოთ დესტრუქციას და იმ სავარაუდო სცენარს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

ხვალ პარლამენტში კენჭს უყრიან ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების 55-მა წევრმა საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებები დაწერა. მანდატების გაუქმებაზე გაცნხადება არ დაუწერია “გირჩის” სამ წევრს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს, ასევე, პარტია “მოქალაქეების” წევრებს.

პარლამენტმა ოთხ დეპუტატს “პატრიოტთა ალიანსიდან” უკვე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება და მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიის საარჩევნო სიის 4 წევრი შევიდა. 29 იანავრს კი ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში პარტია “მოქალაქეების” წევრები — ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც შევლენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი