ახალი ამბები

“ოცნება” – “მოქალაქეების” მემორანდუმით ოპოზიცია საპარლამენტო მანდატების გარეშე საარჩევნო კომისიებში წევრებს ვერ დანიშნავს

29 იანვარი, 2021 • 1269
“ოცნება” – “მოქალაქეების” მემორანდუმით ოპოზიცია საპარლამენტო მანდატების გარეშე საარჩევნო კომისიებში წევრებს ვერ დანიშნავს

“ქართულ ოცნებასა” და ‘მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა კომისიაში წევრებს ვერ დანიშნავენ ის პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო მანდატები გაუუქმდებათ.

დღეს გაფორმებული მემორანდუმით, ცენტრალურ, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიციისთვის წევრების რაოდენობა იზრდება. ამ სამივე ინსტანციაში, განსხვავებით დღეს არსებული სიტუაციისგან, ყველა იმ სუბიექტს უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელმაც ბარიერი გადალახა. ბლოკების შემთხვევაში ერთ საარჩევნო ბლოკს, სავარაუდოდ, ერთი წარმომადგენელი ეყოლება, თუმცა მემორანდუმში ჩადებულია პირობა, თუ რა შემთხვევაში ისარგებლებს პარტია ამ შესაძლებლობით.

“ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, დანიშნავს თითო წარმომადგენელს ცესკოში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მიიღებენ მონაწილეობას ცესკოს სხდომებში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ ცესკოს წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის, შესაბამისი შრომის ანაზღაურებით”, – ნათქვამია შეთანხმებაში.

როგორც ცნობილია, პარლამენტში გასული პარტიების უმრავლესობა საკუთარი მანდატების გამოყენებას არ აპირებს და პარლამენტს მათი გაუქმების თხოვნითაც კი მიმართა, რაზეც საკნონმდებლო ორგანო მსჯელობს და ეს საკითხი კენჭისყრაზეც გავა უახლოეს მომავალში.

ნეტგაზეთი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ინფორმაციის დაზუსტებას მმართველ გუნდთან და პარტია მოქალაქეებთან, ოპოზიციის სხვა წევრების მანდატების გაუქმება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ პარტიებს ცესკოს სხვადასხვა ინსტანციაში წარმომადგენლები არ ეყოლებათ, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოვახერხეთ.

დღეს საღამოს ღამის კურიერის ეთერში გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე საპასუხოდ ალეკო ელისაშვილმა დაადასტურა, რომ ეს ჩანაწერი სწორედ ამას ნიშნავს.

“ჰოდა, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის. ეს ჩანაწერი არც ჩვენი მოგონილია და არც ქართული ოცნების. ეს ჩანაწერი გაკეთდა მოლაპარაკების რაუნდებისას ელჩების თანადასწრებით. მოლაპარაკებებში მონაწილეობა ნიშნავდა, რომ ოპოზიცია თავის მხრივ იღებდა პასუხისმგებლობას, რომ თუ შევთანხმდებოდით, ხელს მოაწერდა დოკუმენტს და პარლამენტში შემოვიდოდა. ეს ავტომატურად, თავისთავად იგულისხმებოდა. შესაბამისად, ეს ხიფათი ჩვენ აქ არ ჩაგვიწერია. ისინი არიან, ჩემი აზრით, ზემეტად გაჯიქებულები. ჩვენ არაფერი ჩაგვიმატებია, არც გამოგვიკლია. ეს ელჩებთან შეთანხმებული ჩანაწერია და მე მიმაჩნია, რომ ესაა საპასუხისმგებლო ჩანაწერი. ერთადერთი ვისრუვებდი, რომ “ქართულმა ოცნებამ” მეტი პასუხისმგებლობით შეხედოს საკითხს და არ გააუქმოს დანარჩენი ოპოზიციის პარლამენტში [მანდატები]’, – განაცხადა ელისაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ცესკოში წარმომადგენლობა მხოლოდ 3 პარტიას აქვს და ეს ჩანაწერი დიდი უპირატესობაა პატარა პარტიებისთვის.

ნახეთ სრულად მემორანდუმის ტექსტი

“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი