ახალი ამბები

ასტრაზენეკას ვაქცინას EU-ის რეგულატორმა ავტორიზაცია მიანიჭა

29 იანვარი, 2021 • 943
ასტრაზენეკას ვაქცინას EU-ის რეგულატორმა ავტორიზაცია მიანიჭა

მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინას COVID-19-ის წინააღმდეგ ავტორიზაცია მიანიაჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებდართულია.

ფაიზერის და მოდერნას შემდეგ ეს მე-3 ვაქცინაა, რომელსაც ევროკავშირის წამლების რეგულატორმა ორგანომ ავტორიზაცია მიანიჭა.

ევროკავშირს შეკვეთილი აქვს ასტრაზენეკას 400 მილიონი ვაქცინა, თუმცა კომპანია EU გააფრთხილა, რომ წარმოების ხაზში არსებული პრობლემების გამო წლის პირველ კვარტალში დაპირებული 100 მლნ დოზის მხოლოდ 25%-ის მიწოდებას შეძლებს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ხელმძღვანელი, ემბერ ქუქი მანამდე ამბობდა, რომ შესაძლოა, ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინა მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებისთვის იყოს დაშვებული, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები, თუ რამდენად ეფექტიანად იცავს ეს ვაქცინა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს. თუმცა დღეს EMA-მ ავტორიზაცია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გასცა (18 წლის ზემოთ).

la Repubblica-სთან ინტერვიუში AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, რომ “შეზღუდული რაოდენობის მონაცემები” აქვთ მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის მოქმედების შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, ამჟამამინდელი ინფორმაციით ვაქცინამ მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში “ძალიან ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა ვირუსის წინააღმდეგ, ისეთივე, როგორიც ახალგაზრდებშია”.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გარკვეულწილად გარანტირებული აქვს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება, წლის განმავლობაში კი, მისი თქმით, ქვეყანამ დამატებით ამავე ვაქცინის 1 400 000 დოზა უნდა მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი