ახალი ამბები

სასამართლოს განაჩენები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვევა — ვოლსკი

28 იანვარი, 2021 • 813
სასამართლოს განაჩენები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვევა — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას და ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სასამართლოს განაჩენები სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვევა.

ამის შესახებ ვოლსკიმ “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, უნდა მოვიაზროთ თუ არა ილიჩოვას და მელაშვილის გათავისუფლება პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად. ვოლსკის თქმით, დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით “მოწინავეთა რიგებშია”.

“კიდევ მენანება ჩვენი სახელმწიფო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული თუ რამე ხდება სასამართლოში, პროკურატურაში, უნდა შევხედოთ ისე, როგორც ხედავდნენ სააკაშვილის პერიოდში. იქ სააკაშვილმა თქვა, ადეიშვილი კაბინეტში უზის და რასაც უნდა გააკეთებინებს.  სასამართლოა და ეს სასამართლო იმ განაჩენების გამომტანია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვევა, პროცენტებიც დათვლილია და ამიტომ არის ის მოწინავეთა რიგებში. ოცეულშია დამოუკიდებლობის ხარისხით, ეს ხომ მე არ შემიფასებია?— საგანგებო შეფასება გააკეთეს საგანგებო ორგანიზაციებმა. არ აქვთ ახლა გავლენა გამოძიებაზე, მტკიცებულებას ვერ შეცვლიან, გავლენას ვერავისზე ვერ მოახდენენ, არ მიიმალებიან და რატომ უნდა იჯდეს ეს ორი ადამიანი ციხეში, არ მესმის”, — განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 20 000-ლაროანი გირაოთი შეუცვალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  მოსალოდნელია, რომ ბრალდებულებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლებენ. ისინი საგარეო საქმეთა და შს სამინისტროში დაკავებული თანამდებობებიდანაც გაათავისუფლეს.

საქალაქო სასამართლოსთან მელაშვილსა და ილიჩოვას  მხარდამჭერი აქციით ხვდებიან.


საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი