ახალი ამბები

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი 2020-ში არ გაუმჯობესებულა

28 იანვარი, 2021 • 1061
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი 2020-ში არ გაუმჯობესებულა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს, 28 იანვარს, გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2020 წლის კვლევა, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს. საქართველოს ისევ 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან.

2019 წელს ქვეყანა 56 ქულით 44-ე ადგილზე იყო. კვლევაში წერია, რომ 2012 წლიდან დღემე კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

მეთოდოლოგიის მიხედვით, რეიტინგში 100 ქულა აღნიშნავს კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, ის გარემოება, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს საშუალო შედეგი აქვს, რომელიც წლებია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა,  მიუთითებს იმაზე, რომ მართალია, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები, რომლებიც 2019 და 2018 წლების ინდექსებშიც იყო ხაზგასმული.

ორგანიზაციის განცხადებთ, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ, დღეისათვის საქართველოს მთავარი გამოწვევებია:

  • ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, პარლამენტის სისუსტე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას. ოპოზიციის იგნორირება და გარიყვა პოლიტიკური პროცესიდან;
  • არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია;
  • ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტური გამოძიება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში;
  • პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს;
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის არაეფექტიანი სისტემა; პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება უკანონო გზებით;
  • მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე;
  • ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე, მათ შორის ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ მათ ოჯახის წევრებზე. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა და თავდასხმები მათზე, განსაკუთრებით, წინა და პოსტსაარჩევნო საპროტესტო აქციების გაშუქებისას;
  • ელიტური კორუფციის პრევენციისა და გამოძიების ქმედითი სისტემის (მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების) არარსებობა.

კორუფციის აღქმის ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნდება და ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2020 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი – სომალისა და სამხრეთ სუდანში (12 ქულა).

2020 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი