ახალი ამბები

“ვახოზე, იაგოზე და ამ კომპანიაზე მხოლოდ კომედი შოუში ვისაუბრებ” — ბოკერია

26 იანვარი, 2021 • 792
“ვახოზე, იაგოზე და ამ კომპანიაზე მხოლოდ კომედი შოუში ვისაუბრებ” — ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ “გირჩის” წევრებზე, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიაზე, მხოლოდ კომედი შოუში ისაუბრებს.

ასე უპასუხა ბოკერიამ იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით კითხვას, სადაც ის ამბობს, რომ სატელეფონო საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ, მას დაემუქრა.

ბოკერიას თქმით, “გირჩის” წევრების შესახებ სერიოზულად ვერ ისაუბრებს.

“ჩემი პოზიცია არის, რომ ვახოზე, იაგოზე და ამ კომპანიაზე მხოლოდ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ. რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, სიამოვნებით მოვყვები ჩემს შთაბეჭდილებებს. მაგ ხალხზე სერიოზულად საუბარს საერთოდ არ ვაპირებ”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ ასევე განმარტა, რატომ არაა “გირჩისა” და “მოქალაქეების” ხელმოწერა ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, განცხადების ავტორები არიან პოლიტიკური ძალები, ვინც მანიპულირებული შედეგებით გადალახეს საარჩევნო ბარიერი და უარი თქვეს მათ მანდატებზე, ხოლო ეს განცხადება საჭირო გახდა იმისათის, რომ სურათი უფრო მკაფიო და ცხადი გამხდარიყო.

“რაც შეეხება “გირჩსა” და ელისაშვილს, მათ არც დაუწერიათ განხადება მანდატების შეჩერების თაობაზე, შესაბამისად, ვერც იქნებიან ისინი ამ განცხადების ნაწილი ფიზიკურად, რადგან ეს არის მათი განცხადება,  ვინც ამ მანდატების შეჩერებაზე შეიტანა განცხადება და რომელთა მიმართებაშიც გრძელდება ეს სპეკულაციები”, – განაცხადა ბოკერიამ.

“გირჩის” ლიდერებმა, “მოქალაქეების” ლიდერების მსგავსად, განაცხადეს, რომ “ევროპულ საქართველოს” არ სურს, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს. ხვიჩიას თქმით, ” ევროპულ საქართველოს” შეთანხმება პოლიტიკურად არ აწყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი