ახალი ამბები

გახარია საზ.ტრანსპორტის დაგეგმილზე ადრე აღდგენის პირობას ასახელებს

26 იანვარი, 2021 •
გახარია საზ.ტრანსპორტის დაგეგმილზე ადრე აღდგენის პირობას ასახელებს

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, შესაძლებელი გახდება დაჩქარდეს გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია.

„როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გასული 24 საათის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 5.7% იყო. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 006 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 050 პირი. უშუალოდ თბილისის დადებითობის მაჩვენებელი უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი