ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან დევნილ ქალს შვილებთან ერთად “დირსიდან” გამოსახლებით ემუქრებიან

2 თებერვალი, 2021 • 2225
აფხაზეთიდან დევნილ ქალს შვილებთან ერთად “დირსიდან” გამოსახლებით ემუქრებიან

აფხაზეთიდან დევნილ დიანა არშბას, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, თბილისში “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსიდან გამოსახლებით ემუქრებიან.

ქალი შვილებთან ერთად სამი თვის წინ “დირსის” კომპლექსის დევნილთა ერთ-ერთ კორპუსში, დაუსრულებელ ბინაში შევიდა. იქამდე ოჯახი ქირით ცხოვრობდა, თუმცა ქირის გადაუხდელობის გამო ბინის მეპატრონემ მისი საკუთრება დაატოვებინა.

“აქ რომ შემოვედით, ყველაფერი მე გავაკეთე მეგობრების დახმარებით, იატაკიც მე დავაგე. მოგვიანებით ადმინისტრაციამ დენი ჩაგვიჭრა და წყალი გადაგვიკეტა, რომ იძულებული გაგვხადოს, გამოვიდეთ. გუშინ სასწრაფო გამოვიძახე ჩემი 1.8 თვის შვილისთვის, სიცივისგან სპაზმები დაეწყო”, – გვიყვება ქალი.

არასაკმარისი ქულების გამო დიანა არშბას ბინის გადაცემაზე სახელმწიფო უარს ეუბნება.

“დედაჩემიც ასე პატიოსნად უცდიდა საკუთარ რიგს. მის გარდაცვალებამდე ბინის პრობლემა არ გვქონია, თუმცა სიმსივნე ჰქონდა და მისი მკურნალობისთვის ჩვენი პირადი ქონება, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ჰქონდა შეძენილი, გავყიდეთ. ამიტომაც, მთელი ეს წლები დახმარება არ გვითხოვია. ახლა კი უარს გვეუბნებიან და ქუჩაში გვტოვებენ. თუ ბინას არ გვაძლევენ, მაშინ აფხაზეთში ჩვენი ქონება დაგვირესტისტრიროს სახელმწიფომ და მე ვიდავებ ამ ქონებისთვის. ბინასაც მე თავად ვიყიდი”, – ამბობს დიანა არშბა.

იქამდე კი, როგორც ქალი ამბობს, ბინიდან გამოსვლას არ აპირებს. მის მხარდამჭერ აქციას დევნილთა ნაწილი დღეს, 25 იანვარს გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი