ახალი ამბები

“თქვენც დაიჭირეთ ფანგანი” — მელია მათ, ვინც დეპუტატზე ნაგვის დაყრა დაგმო

24 იანვარი, 2021 • 1430
“თქვენც დაიჭირეთ ფანგანი” — მელია მათ, ვინც დეპუტატზე ნაგვის დაყრა დაგმო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას აზრით, ირაკლი ფანგანის დასაკავებლად “ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაუხსნეს” იმ ადამიანებმაც, ვინც ირაკლი ჩავლეიშვილის ნაცვლად აქტივისტი შერისხეს.

“ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი”, – წერს მელია.

ნიკა მელიას თქმით, გადამეტებული რისხვა საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, როცა 20 ივნისის შემდეგ ბევრი “ახალგაზრდების თვალების დამთხრელების” ნაცვლად მელიას დაკავებას ითხოვდა.

“ხშირად გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს! საქმის არსი კი ისაა, რომ ბატონი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ბრძანდებოდა, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, გავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად საბჭოში შევარდა და მოკალათდა. ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო. ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ, პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა”, – ამბობს მელია.

მისი შეფასებით, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია.

“ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად! დიახ, თქვენ დაიჭირეთ ფანგანი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად. “ოცნების” ხელისუფლებას ჰგონია რომ ეს ყველაფერი გაუვა”, – წერს მელია.


23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ბულვარის დასაცავად „ბათომის“ მიერ ორგანიზებულ აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივას“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მას ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობიდან” ცალსახად დაგმეს სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ. პარტიის სხვა ლიდერების შეფასებით, ეს ფაქტი მოსაწონი არა, თუმცა გასაგებია.

აქტივისტი ირაკლი ფანგანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციამ დღეს დააკავა.
https://netgazeti.ge/news/513886/

მასალების გადაბეჭდვის წესი