ახალი ამბები

EU რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს

24 იანვარი, 2021 • 921
EU რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულად აფასებს.

“გადაწყვეტილებაში მოცემულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია”, – ნათქვამია პრესსპიკერის განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევა  და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

“ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ  ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც ასევე საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ადგილზე გადამწყვეტი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.


21 იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვერ უზრუნველყო რა ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი