ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ — სტოლტენბერგი

22 იანვარი, 2021 • 840
სტრასბურგის გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს ალიანსის მოწოდებას, რუსეთმა პატივის სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ამის შესახებ მან  ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დამნაშავეა ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე.

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევას ედავებოდა.

აგვისტოს ომის საქმე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში. პირველი დავა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და რუსეთს დაკისრებული კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება მიმდინარეობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი