ახალი ამბები

მარნეულში მოსახლეობის თქმით, მღვდელი სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის დამუშავების უფლებას არ აძლევს

23 იანვარი, 2021 • 1082
მარნეულში მოსახლეობის თქმით, მღვდელი სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის დამუშავების უფლებას არ აძლევს

მარნეულში, სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივი მოსახლეობა მიწების დამუშავების უფლებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, მიწების დამუშავების უფლებას მათ ადგილობრივი მთავრობა და მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი არ აძლევთ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 22 იანვარს განცხადება გაავრცელა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც”. EMC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მეოთხე დღეა, რაც სახელმწიფოსგან მათი სოფლის შემოგარენში არსებული მიწის ნაკვეთით შეუფერხებელი სარგებლობის პირობების შექმნას ითხოვენ.

EMC განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადგილობრივები მეორე წელია აღნიშნულ მიწებზე ქონების გადასახადს იხდიან, თუმცა მიწით სარგებლობის უფლება ადგილობრივი სასულიერი პირის ჩარევის გამო არ ეძლევათ.

“ადგილობრივები ჩვენთან [EMC-თან] აცხადებენ, მათ მამა არსენი უცხადებს, რომ ეს მიწები მის საკუთრებაშია და მიწის სარგებლობის ღირებულებაც სწორედ მას უნდა გადაუხადონ. აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. გლეხები გვიზიარებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ისინი ამ მღვდელს მიწის სარგებლობის ღირებულებას ისედაც უხდიდნენ. ორი წლის წინ მათ ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომეს. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს ისინი უკან დახევას აღარ აპირებენ”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC-ის ცნობით სოფელ მეორე ქესალოში სიტუაცია რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გამწვავდა, რაც ადგილობრივმა გლეხებმა ტრაქტორი მოიყვანეს და მიწების დამუშავება დაიწყეს, სასულიერო პირებმა კი მათ სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს. ასევე, EMC წერს, რომ სასულიერო პირმა გლეხებს მათ ეთნიკურ წარმომავლობაზე მიუთითა და უთხრა, რომ “მათი მიწები არა აქ, არამედ საზღვრის იქით”, აზერბაიჯანში არის.

“გლეხები ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ისინი უთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სამშობლოც ეს არის. გლეხების თქმით, მათი წინაპრები ამ მიწებს ტრადიციულად იყენებდნენ სოფლის მეურნეობისთვის. გლეხების თქმით, ეს სასულიერო პირი პრეტენზიას მეზობელ მიწის ნაკვეთებზეც აცხადებს.”, – წერს EMC.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სოფელ მეორე ქესალოში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეორნებაშია ჩართული, რაც მათი შემოსავლის საარსებო წყაროა. საკარმიდამო მიწები კი მათ მეორენეობის ორგანიზების სესაძლებლობას არ აძლევს, ამიტომ მიწებს, რომელზეც ამჟამად მიდის დავა გლეხები კოლექტიურად და თანაბრად ამუშავებენ.

“სოფელ მეორე ქესალოში არსებული პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენებს მიწის რეფორმის დაუსრულებელ და უსამართლო პროცესს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივ გლეხებს ხშირად მიწის, როგორც ბაზისური ბუნებრივი რესურსის გარეშე ტოვებს. ადგილობრივ გლეხებს სოფელ მეორე ქესალოშიც არ აქვთ (საერთო) საკუთრებაში რეგისტრირებული ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწები და სამწუხაროდ, არც მათი სარგებლობის პროცესია სამართლებრივად მოწესრიგებული სახელმწიფოს მიერ”, – წერია განცხადებაში.

EMC სახელმწიფოს მოუწოდებს:

  • გაითვალისწინოს გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი;
  • სიტუაციის განმუხტვის მიზნით უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვა ამ პროცესში და ადგილობრივებთან მოლაპარაკებების დაწყება, რათა მათ მოისმინონ და გადაჭრან ადგილობრივი გლეხების საჭიროებები და წუხილები. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, შექმნილ პროცესს არ მიეცეს რელიგიური დატვირთვა და შექმნილი განწყობების განსამუხტად სახელმწიფომ ადგილობრივებთან ადამიანის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული რიტორიკა გამოიყენონ.

“ნეტგაზეთი” მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ის ჩვენს ზარებს და შეტყობინებას არ პასუხობს. რადიო მარნეულის ცნობით კომენტარს არ აკეთებს ქესალოელების მიერ დასახელებული მღვდელიც.

სახელმწიფოს პოზიცია

გუშინ და დღეს ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც. დღეს მოსახლეობას “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალიც შეხვდა. მისი თქმით, ეს მიწები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მნიშვნელოვანია, რომ მათი გამოყენების საკითხი ეკონომიკის სამინისტროსთან კანონიერი გზებით შეთანხმდეს.

“კანონის დარღვევა-არდარღვევაზე მე ვერ გეტყვუთ, უბრალოდ არსებობს გარკვეული რეგულაციები, რაც მნიშვნელოვანია რომ მიწის გამოყენების დროს გათვალისწინებული იყოს”, – განაცხადა დარგალმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დღეს ადგილზე მივიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძეც. მისი თქმით, მოსახლეობის მხრიდან მიწების დამუშავებით კანონი ირღვევა:

“არ არის გარკვეული ამ მიწის მფლობელის სტატუსი, დღევანდელ დღეს ეს მიწა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ქმედება, რომელიც მოსახლეობის მიერ ტარდება, არის უკანონო. მე არ ვიცი მამაოები როდის ფიგურირებდნენ, მე გეუბნებით დღევანდელ სიტუაციას, რაც არის”, – უთხრა ტაბატაძემ “მთავარ არხს”.

ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის და მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ, გლეხებმა ტერიტორია დროებით დატოვეს. როგორც “ნეტგაზეთს” მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუმარეტს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ აღნიშნულ პრობლემას შეისწავლიან და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვებიან. პრესსამსახურში არ განმარტავენ კონკრეტულად რა იგულისხმება მუნიციპალიტეტის “კომპეტენციის ფარგლებში”, თუმცა ამბობენ, რომ მერია მხარეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროსაც. თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.

გარეკანის ფოტო: კოლაჟი EMC-ის გავრცელებული კადრებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი