ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მალხაზ ვანიშვილი ცხინვალის რეგიონიდან გამოიქცა

22 იანვარი, 2021 • 1420
მალხაზ ვანიშვილი ცხინვალის რეგიონიდან გამოიქცა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მყოფი მალხაზ ვანიშვილი, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს საკუთარი ნებით თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და დე ფაქტო მთავრობას “მოქალაქეობის” მიღების თხოვნით მიმართა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

იგი ოკუპირებული რეგიონიდან გამოიქცა და ამჟამად პოლიციის შენობაში იმყოფება გამოკითხვაზე. ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

“ვადასტურებთ, რომ მალხაზ ვანიშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. იგი ამჟამად პოლიციის შენობაში გამოკითხვაზეა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში გადავა”, – განუცხადეს ნეტგაზეთს სუს-ში.

მალხაზ ვანიშვილმა ტელეკომპანია ფორმულასთან 21 იანვარს გამართულ საუბარში განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში “მასზე მუდმივ ზეწოლას ჰქონდა ადგილი და მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ასევე, იგი ძალით დააშორეს მეუღლეს, რის გამოც ოკუპირებული რეგიონიდან გამოქცევას აპირებდა.”

“აქ მაწუხებენ, სიმართლე უნდა გვითხრაო. ქართველებს შეაგინეო. უარი თქვი საქართველოზე. [ძალადობის ფაქტი] ტელეფონით გადაიღეს. მეშინია აქ ცხოვრება”, – აცხადებდა მალხაზ ვანიშვილი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, გუშინ, 21 იანვარს შედგა.


მალხაზ ვანიშვილი 2020 წლის დეკემბერში რუსმა საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. მას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა “მოქალაქეობა” მიანიჭეს, ხოლო მისი ფეხმძიმე მეუღლე ქართულ მხარეს გადასცეს.

მალხაზ ვანიშვილი საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ აქამდე რამდენჯერმე იყო დაკავებული.   უკანასკნელად მალხაზ ვანიშვილი ცოლთან ერთად 2020 წლის აპრილში დააკავეს და მაისში გაათავისუფლეს.

იგი ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი