ახალი ამბები

რეგულარული ფრენები 1 თებერვლიდან აღდგება – თურნავა

22 იანვარი, 2021 • 904
რეგულარული ფრენები 1 თებერვლიდან აღდგება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პირველი თებევრლიდან საქართველოში რეგულაური ფრენები აღდგება. ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულარური ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა ნიშნავს, რომ პირველი თებერვლიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ამ დრომდე მოქმედებდა, ან ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოსვლის სურვლის გამოთქვამენ, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ გარკვეული სიხშირეებით.

“ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით, ბევრი ავიაკომპანია მსოფლიოში ამას ისედაც ახორციელებს, ამიტომ ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმსჯელობთ და იმ კვირაში ჩამოვყალიბდებით, როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ორი ურთიერთკავშირში მყოფი გარემოება. მოგეხსენებათ, რომ დღესაც არის რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებით დაშვებული, მაგრამ იმის გამო, რომ მეორე ტალღაა, იმის გამო, რომ გარკვეული შეზღუდვებია ამა თუ იმ ქვეყანაში ვიზიტორების შესვლაზე, ავიაკომპანიები აქტიურად არ ითვისებენ მინიჭებულ უფლებებს და სიხშირეებს და არ ასრულებენ იმდენ ფრენას, რამდენიც მათ კომერციულად ენდომებოდათ”, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებული სქემის შექმნაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ასევე, თურნავას განცხადებით, მთავრობა უახლოეს მომავალში, გაზაფხულზე, საქართველოში დიდი რაოდენობის ტურისტების შემოსვლას ელოდება. ასეთი მოლოდინის შესაძლებლობას კი, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მსოფლიოში დაწყებული ვაქცინაციის პროცესი უქმნის.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ეკონომკური საქმიანობები არ აღდგა, მათ შორის კურორტები, რესტორნები, ტურისტი რისთვის ჩამოვა საქართველოში, თურნავამ უპასუხა, რომ მათ არ ჰქონდათ პირველი თებერვლიდან ცხოვრების პანდემიამდელ რეჟიმში დაბრუნების მოლოდინი, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა არ მოიმატოს.

“ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ისე, რომ არ დავარღვიოთ ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ 2019-2018 წლების რეჟიმში აღდგება ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ პირველი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, თუ დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები გვექნება, ჩვენც უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდებიით ვიზიტორისთვის. ესეც ხომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში, სადაც მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი, სულ რომ ყველაფერი გავხსნათ, მაინც არ ჩამოვლენ.

ვიწყებთ ფრენების აღდგენით. ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა ავიახომალდებით აივსება. ამასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ კომპანიებმა დათვალონ, როგორ და რამდენად უღირთ ფრენები. ასევე, ტურისტების პირველი ჯგუფები შემოსვლას ალბათ უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან დაიწყებენ. დავუშვათ, ვაქცინაციის პირობის შესრულებით. სასტუმროები პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ღია, გარდა ზამთრის კურორტებისა. მაგრამ გვაქვს ბევრი სხვა არაჩვეულებრივი რეგიონი. აქედან გამომდინარე, ამ პირობებშიც კი ჩვენ შევძლებთ, რომ პირველ ტურისტებს ვუმასპინძლოთ”, – განაცხადა თურნავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი