ახალი ამბები

არადისტანციურად სწავლის აღდგენის გრაფიკი მუნიციპალიტეტების მიხედვით

22 იანვარი, 2021 • 1197
არადისტანციურად სწავლის აღდგენის გრაფიკი მუნიციპალიტეტების მიხედვით

მთავრობის გეგმით საკლასო ოთახებში არადისტანციურად სწავლა პირველი თებერვლიდან აღდგება ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში.

რაც შეეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს, მთავრობა ამ ქალაქების სკოლებში სწავლის დაწყებას პირველი მარტიდან გეგმავს.

მაია ცქიტიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნიშნებია, არის იმის შესაძლებლობაც, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემსუბუქდეს.

„დღეის მდგომარეობით, 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და, შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია პირველი მარტიდან. ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, –  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი