ახალი ამბები

იოსელიანი: “ოცნებასთან” დღეს ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, შეხვედრები გაგრძელდება

22 იანვარი, 2021 • 972
იოსელიანი: “ოცნებასთან” დღეს ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, შეხვედრები გაგრძელდება

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ რიგ საკითხებზე მათი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, ნაწილზე კი შეხვედრები გაგრძელდება.

ალეკო ელისაშვილის თქმით, პრობლემურ საკითხად რჩება კვლავ გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა, რამდენადაც მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ ეს პირები პოლიტიკური პატიმრები არიან. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მათ პარტიისთვის პრინციპული საკითხია:

“მე და ლევან იოსელიანი “მოქალაქეების” სახელით ვიყავით მოსულები, რომ გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა მზაობა “ქრათულ ოცნებას” იმ 4 საკითხთან დაავშირებით და იყო თუ არა მზად წასულიყო კომპრომისებზე. მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსული.

4-ვე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ “ქართული ოცნება” უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი პოზიციების გარკვევა იყო და ამბობს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით “ოცნება” მზადააა დათმობებზე წავიდეს:

“დღეს ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად მოვედით. გაირკვა ის, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და საარჩევო ადმინისტრაციის ცვლილებასთან და დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე, იყო მზაობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. ახლაც ეს დათმომბები და კომპრომისის მზაობა დადასტურდა. პუნქტობრივად მივყვებოდით თითოეულ საკითხს.

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთპროცენტიან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე დანიშნონ”, – ამბობს ელისაშვილი.

მოქალაქეების კიდევ ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები “ოცნებასთან” გაგრძელდება:

“დღეს ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შეხვედრები გაგრძელდება. რაღაც ნაწილებში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ რჩება შეუთანხმებელი ნაწილები. მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის დეტალები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულია და ამაზე გაგრძელდება მოლაპარაკებები. ასევე, ჩვენთვის პრინციპულია პოლიტპატიმრების საკითხი”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

განხილულ საკითხებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც. მისი თქმით, “ქართული ოცნება” პარტიებს შორის დიალოგს მხარს უჭერს და საარჩევნო რეფორმისთვისაც მზადაა.

თალაკვაძის თქმით, მათი პოზიციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით”მოქალაქეების” შეხედულებებთან იმდენად დაახლოებულია, რომ ფიქრობს, შესაძლოა ეს გახდეს შეთანხმების საგანი:

“რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, ჩვენი მოქალაქეების არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პარტია “მოქალაქეებთან” და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის შემდეგ, არის ის, რომ პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმდენად დაახლოებულია, ვფიქრობ, ეს შესაძლოა გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს პოზიტიური შედეგით.

ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით. მთავარია, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს აქვს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა. ეს არის ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საარჩევნო პროცესში. მაგალითად, როგორიც არის თითის ანაბეჭდებით რეგისტრაცია და ელექტრონული მთვლელები. მე დიდი იმედი მაქვს, ამ მოლაპარაკებების შედეგი ღია იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის” ,- ამბობს თალაკვაძე.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, თალაკვაძე ამბობს, რომ ის, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ არა, მართლმსაჯულების საკითხია და არ არის პარლამენტის გადასაწყვეტი. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი თალაკვაძე აცხადებს, რომ არ განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი