ახალი ამბები

ჩანაწერში ახალი არაფერია, მელაშვილი სასამართლოში იგივეს თქმას აპირებს — ადვოკატი

21 იანვარი, 2021 •
ჩანაწერში ახალი არაფერია, მელაშვილი სასამართლოში იგივეს თქმას აპირებს — ადვოკატი

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში ახალი არაფერია.

მისი თქმით, მელაშვილი სასამართლოზეც იმავეს იტყვის, რასაც ფარულ ვიდეოჩანაწერში ამბობს.

“მე მგონი, საზოგადოებამ ძალიან კარგად მოისმინა, თუ რას საუბრობს ივერი მელაშვილი და რა იყო მისი პოზიციები კომისიაში საქმიანობის დროს. მისი ყოველი ნაბიჯი ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. ამას ამბობს იგი ამ ჩანაწერშიც, ამას ამბობდა მანამდეც, მის შემდეგაც და დღესაც იგივეს იმეორებს. რაც ჩანაწერშია გადმოცემული, იგივეს თქმას აპირებს იგი სასამართლოში. აქ არაფერია სკანდალური ან რაიმე ახალი”, — განაცხადა მარიკაშვილმა “მთავარ არხთან”.

როგორც ადვოკატი ამბობს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ივერი მელაშვილის პოზიციას ამყარებს.

“მე ვფიქრობ, პროკურატურა მხოლოდ იმიტომ მალავდა ამ ვიდეოჩანაწერებს და არ აძლევდა დაცვის მხარეს, რომ ეს არის რეალურად გამამართლებელი მტკიცებულებები ივერი მელაშვილისთვის. ამ მონაკვეთებში რეალურად ივერი მელაშვილი თავის პოზიციას კიდევ ერთხელ ამყარებს, რომელიც მანამდე ჰქონდა საზოგადოებაში გაჟღერებული და რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს”, — ამბობს მარიკაშვილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს, 21 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქმეზე  ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა და მოწმის სახით 100-მდე პირი გამოიკითხა. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები.

პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიოჩამწერი მოწყობილობით.

პროკურორის განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.

პროკურატურის მტკიცებით, დასახელებული ვიდეო/აუდიომასალაში ნაჩვენებია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავითგარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა “განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ”.

პროკურორის თქმით, ვიდეოჩანაწერი ამ დრომდე არ იყო გასაჯაროებული გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

“შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ არ მოხდა ამ ვიდეოჩანაწერის ამ დრომდე გასაჯაროება. არსებობს გარკვეული მოცემულობები და ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა ფორმატში. გამოძიებას შეიძლება ჰქონდეს ინტერესი გარკვეული ინფორმაციის დროის გარკვეულ მონაკვეთში საიდუმლოდ შენახვის და ამის ერთადერთი მიზანი არის, საქმეზე გამოძიებას არ შეექმნას საფრთხე და მტკიცებულებები, რომელთა მოპოვებაც არის შესაძლებელი, ობიექტურად მაქსიმალურად იქნას მოპოვებული. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ მიმართულებით კონკრეტულ ინფორმაციაზე და შედეგებზე, რაც ჩვენ გვაქვს.

თუმცა ამ ეტაპზე ვადასტურებთ, რომ არაერთ ვერსიაზე, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, არც საგამოძიებო მოქმედებების კუთხით, არც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თვალსაზრისით, ყოფილი ან მოქმედი თანამდებობა არ არის გამონაკლისი ან იმუნიტეტი. შესაბამისად, ყველა პირთან მიმართბებით, ვის მიმართ იქნება შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტი, აუცილებლად იქნება მიღებული კანონშესაბამისი გადაწყვეტილება”, — განაცხადა პროკურორმა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი