ახალი ამბები

პრეტენზია არ მაქვს გამოძიებასთან, ჩვეულებრივი გამოკითხვა ჩატარდა — ბიწაძე

21 იანვარი, 2021 • 859
პრეტენზია არ მაქვს გამოძიებასთან, ჩვეულებრივი გამოკითხვა ჩატარდა — ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს, აცხადებს, რომ გამოძიებასთან პრეტენზია არ აქვს.

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ბიწაძემ განაცხადა, არ ჰგონია, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.

“მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს გამოძიებასთან, ჩვეულებრივი გამოკითხვა ჩატარდა. მე ვუპასუხე იმაზე, რაც ჩემი კომპეტენციის ფარგლებში იყო. მე ვესწრებოდი შეხვედრას, ერთ-ერთი კომისიის სხდომას, რომელზედაც არის ჩემი ხელმოწერა, რომელიც დავადასტურე. ეს იყო ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა, რომელზედაც იხილებოდა საზღვრის საკითხი, აზერბაიჯან-საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იყო. მე მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზაღვრო პოლიციის უფროსი. მე კომისიის წევრი არ ვყოფილვარ”, — განაცხადა ბიწაძემ.

სავარაუდოდ, სწორედ ბადრი ბიწაძეს ახსენებს აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

“ახლა ჩვენით რომ ვთქვათ, გოგის არ ჰქონდა ნანახი საერთოდ, დავითგარეჯის ის და მაშინ გოგის ისეთი აქცენტი ჰქონდა, კი მარა, კაცო, ხო მართლები არიანო, ხო, ანუ დააბოლა, რომ ნუ რას ვიღებთ ახალს, არა ვართ მაგ ტერიტორიის დამთმობიო და გოგის ის იყო, რომ. მარა გოგიმ ისიც იცოდა. გოგი და ბიწაძე იყვნენ ჩვენიდან, ხო და მოდი შევთანმხდეთ, შევათანხმოთ ის მომენტი, როგორც აგერ მე-17 არხზე შევათანხმეთ და თქვა, რომ მერე თუ რაღაც იქნება, მერე მოცვლა და რაღაცა, მთავრობებმა გადაწყვიტონ”, — ამბობს მელაშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე გამმოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს, 21 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა და მოწმის სახით 100-მდე პირი გამოიკითხა. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები.

პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიოჩამწერი მოწყობილობით.

პროკურორის განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.

პროკურატურის მტკიცებით, დასახელებული ვიდეო/აუდიომასალაში ნაჩვენებია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავითგარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა “განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ”.

ივერლი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი