ახალი ამბები

თბილისის ტაქსის მძღოლებისთვის PCR ტესტირება ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო იქნება

20 იანვარი, 2021 • 1340
თბილისის ტაქსის მძღოლებისთვის PCR ტესტირება ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო იქნება

თბილისის ტაქსის ნებისმიერი კატეგორიის მძღოლს ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება უნდა ჩაუტარდეს.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 20 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც “ნეტგაზეთს” მერიაში განუცხადეს, ტაქსის მძღოლებისთვის ტესტირება უფასო იქნება.

„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან „თბილისის ტაქსის“ მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას.

როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი