ახალი ამბები

როგორ გეგმავს ხელისუფლება ნარჩენების სეპარირების წახალისებას

19 იანვარი, 2021 • 1546
როგორ გეგმავს ხელისუფლება ნარჩენების სეპარირების წახალისებას

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში სავალდებულო უნდა გახდეს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ნარჩენის განცალკევება.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, პროცესი ეტაპობრივი იქნება და უკვე დაწყებულია განხილვები, თუ რა მოდელით მოხდება მოსახლეობის წახალისება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით.

როგორც ბითაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, საკითხი ორ ნაწილს მოიცავ: ერთია კანონი, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე წლის წინ უკვე მიიღო, მეორე კი- მისი ამოქმედების ეტაპები:

“ყველაზე საინტერესო ეტაპი, რომელიც ეხება მწარმოებლის გაფართოებულ პასუხისმგებლობას და სეპარირების, იგივე ნარჩენების დახარისხების დაწყებას, კანონმდებლობის მიხედვით, კანონქვემდებარე აქტების შემუშავების და შესაბამისი პასუხის მოთხოვნის კონტექსტში, უნდა დაწყებულიყო 2020 წელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენების სეპარირებული ურნების განთავსება დაიწყო თბილისმა და რამდენიმე ქალაქმა საქართველოს მასშტაბით.

USAID-თან ერთად განთავსდა გარკვეული სტენდები, სადაც ხდება ნარჩენების სეპარირებული ჩაყრა მოსახლეობის მხრიდან. მსგავსი სტენდები განთავსებულია უნივერსიტეტებთან, მოლებთან. მიღებული დახარისხებული ნარჩენი მიაქვს კერძო კომპანიას, რომელიც შემდგომ ამუშავებს და მეორად პროდუქტს იღებს.  გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ შეიძლება ურნები განათავსოს თბილისში იქნება ეს თუ სხვაგან, ყველაზე მთავარი გამოწვევა არის დახარისხებული ნარჩენის მიღება”, – ამბობს ბითაძე.

მისი თქმით, ამ კუთხით მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ბითაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მიღებული იქნება მთავრობის დადგენილება, რომელიც მუნიციპალიტეტებს, სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის გარკვეულ უფლებამოვალეობებს გაანაწილებს, თუ როგორი იქნება თანაინვესტირება ამ ნარჩენების მართვის კუთხით როგორც სახლემწიფოსი, ასევე, კერძო სექტორის.

გარემოს დაცვის კომიტეტის თამვჯდომარის თქმით, აღნიშნული მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი არის შესაბამისი სისტემის შექმნა, კერძოდ, ქალაქები აღჭურვილი უნდა იყოს ნარჩენების სეპარირებისთვის საჭირო ურნებით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მიწის ზედა, ასევე მიწის ქვეშა, და მათი რაოდენობა შეესაბამებოდეს იმ გეგმას, რომელსაც თითოეული მუნიციპალიტეტი დასახავს:

“შეიძლება, მაგალითად, თბილისმა გადაწყვიტოს, რომ დაახარისხებს სამ სექციას და პირველ ეტაპზე, 5-10 წლის განმავლობაში, მოსახლეობა ვალდებული იქნება, ერთმანეთისგან დაასეპარიროს ქაღალდი, რკინა და პლასტმასი და დანარჩენი ნარჩენი ერთად მოიშოროს. შეიძლება სხვა ქალაქში სხვანაირად იყოს. ისიც შეიძლება, რომ საპილოტედ ქალაქში გარკვეული ქუჩები გამოიყოს და კერძო დასახლება და მრავალბინიანი დასახლება გაიმიჯნოს ერთმანეთისგან იმიტომ, რომ ძალიან რთულია თვითონ მოსახლეობისგან ნარჩენების ამოღების დაორგანიზება.

წელს, როგორც კომიტეტში ასევე მთავრობის და საზედამხედველო მუშაობის ფარგლებში, ჩვენი კომიტეტის გეგმაა, რომ აქტუალურ საკითხად ვაქციოთ ცირკულარული ეკონომიკა. ეს არის ნარჩენების მეორადი გადამუშავება, მისგან პროდუქტის და ენერგიის მიღება და დავიწყოთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც არიან როგორც მთავრობის დონეზე, ასევე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, რომელიც ამჟამად თბილისისთვის ამუშავებს გეგმას, რა რაოდენობის ურნა სჭირდება თბილისს.

ასევე, როგორი უნდა იყოს სამაარშრუტო სქემები ნაგავმზიდი მანქანების და ასევე EBRD-ის დახმარებით თბილისი შეიმუშავებს გეგმას, როგორ უნდა ამოღიოს მოსახლეობისგან ნარჩენი ისე, რომ ეს იყოს წახალისებული და არ ვიყოთ მხოლოდ ჯარიმების იმედად დარჩენილი. იმისთვის, რომ ჩვენ დახარისხება დავიწყოთ, გავაკეთოთ პირველადი პროდუქტი და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას ამ კუთხით. აუცილებელია, ნარჩენის მთავარ წარმომქმნელებს, მოქალაქეებს შევუქმნათ სურვილი, რომ ნარჩენები დაახარისხონ” ,- აღნიშნავს ბითაძე.

მისი თქმით, ვერსიები, რომლებსაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან და ევროკავშირთან ერთად განიხილავენ, მრავალფეროვანია და საქართველოსთვის რამდენიმეს შეარჩევენ, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.

მაია ბითაძე მაგალითისთვის აღნიშნავს, რომ ბევრ ქალაქში არის წახალისების მექანიზმი მათთვის, ვინც დაახარისხებს ნარჩენს. მისი თქმით, ზოგან ნარჩენის გატანის მოსაკრებელი ინკორპორირებულია პარკში:

“თუ ყიდულობ სეპარირებული ნარჩენისთვის პარკს, რკინისთვის, შუშისთვის და ა.შ. არ იხდი არაფერს. მაგალითისთვის რომ ვთქვა, ნაგავმზიდ მანქანას შესაძლოა ჰქონდეს სკანერი, რომლითაც ნარჩენებს დაუყვება და თუ აღმოჩნდა, რომ საჭმელთან ერთად არის მასში რკინა, იმ ნარჩენს არ წაიღებს საერთოდ და დააჯარიმებს.

მრავალბინიან საცხოვრებელში ამ მოდელის დანერგვა რთული იქნება, რამდენადაც რთულია იმის განსაზღვრა, თუ ვინ გამოიტანა ეს ნარჩენი. ამიტომ ასეთი საშუალებაც არის, რომ ვინც ასეპარირებს და ყიდულობს სეპარირებულ პარკს, არ იხდის არაფერს იმიტომ, რომ ურნაში ხდება იდენტიფიცირება, როგორი პარკი მოხვდა, და ვინც ყველა ნარჩენს ყრის ერთად, ის ჩვეულებრივად იხდის გადასახადს”, – აღნიშნავს ბითაძე.

კიდევ ერთი მოდელი კი, რომელსაც დეპუტატი ასევე მაგალითისთვის ასახელებს, ე.წ. ჭკვიან ურნებს უკავშირდება. მისი თქმით, რეფორმის განხორიცელებისთვის აუცილებელია ქვეყანას გამართული ჰქონდეს ნარჩენების მართვისთვის სისტემა. ჭკვიანი ურნა კი, მისი თქმით, თავის თავში გულისხმობს რამდენიმე რამეს, მათ შორის, როდესაც ურნა გაივსება, მართვის ცენტრს გადასცემს ინფორმაციას, რომ სავსეა.

შედეგად, ბითაძე აცხადებს, რომ ნაგავმზიდი მანქანა ტყუილად არ ივლის ქალაქში, მას ექნება თავისი დღე და საათი, როცა მივა კონკრეტულ უბანზე და ამოიღებს ნარჩენებს. ეს კი, დეპუტატის განცხადებით, თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურების, საცობების წარმოქმნის პრევენციის წინაპირობაა, მეორე მხრივ კი, დაზოგავს საწვავის ხარჯს:

“ეს წინ გადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ თბილისში, მაგალითად, ნაგავმზიდი მანქანები ბევრ უბანში საერთოდ ცარიელი დადიან, ზოგ უბანში კი ნაგავი გადავსებულია და ამაზე ინფორაცია არ გვაქვს. მეორე თვისება, რაც ჭკვიან ურნებს შეიძლება ჰქონდეთ და ეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეიძლება დაყენდეს, არის მომხმარებლის იდენტიფიცირება სპეციალური ბარათებით. არსებობს სისტემა, როდესაც ნაგვის სეპარირებული ურნა არ გაიღება, სანამ ადამიანი მაიდენტიფიცირებელ აიდის არ დაადებს. ნაგვის ურნა იღება მხოლოდ მაშინ, როცა მე ჩემს ბარათს დავადებ.

გაიღება და მე იქ გადავაგდებ, დავუშვათ, მხოლოდ ბოთლებს, თუმცა ყველა უბანში იქნება ასევე ურნები, სადაც ყველას შეეძლება ყველანაირი ნარჩენის გადაყრა, მაგრამ ვინც დაასეპარირებს, მას ექნება ამ ურნის გაღების საშუალება. ერთ-ერთი წახალისების მექანიზმი არის ქეშბექი, როდესაც ადამიანს, რომელიც ახარისხებს ნარჩენს, გარკვეული ფულადი თანხა უბრუნდება უკან. ამის მრავალი სშუალება არსებობს, ასე რომ, ძალიან მრავალფეროვანია ის მექანიზმები, რომლებიც საინტერესო იყო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, როდესაც ამ სახელმწიფოებმა, მაგალითად ბულგარეთი რომ ავიღოთ, დაიწყეს ნარჩენების სეპარირებაზე საუბარი” ,- აცხადებს მაია ბითაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დედაქლაქის მერიას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განსათავსებლად ერთი მიწისქვეშა ურნა თავის დროზე 31 ათასი ლარი დაუჯდა, რაც ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა სიძვირის გამო. “ნეტგაზეთმა” ჰკითხა მაია ბითაძეს, მსგავსი თანხების მოძიება და რეფორმის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება თუ თანხას ქვეყანა დონორებისგან მიიღებს, რაზეც ბითაძემ განაცხადა, რომ ყველგან მიწისქვეშა და ჭკვიანი ურნის დაყენების საჭიროება არ არის და მთავარია, ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის ურნები იყოს ხელმისაწვდომი. ინფრასტუქტურას კი დონორების დახმარებით მოაწყობენ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს მთავრობას უკვე ექნება კონტურები, თუ რა ფორმის სისტემას შესთავაზებს მოსახლეობას, თუმცა აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, ეს სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთროულად ამოქმედდეს. მისი თქმით, ეტაპობრიობა და საპილოტე რეჟიმი აუცილებლად უნდა იქნას შემოღებული:

“შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ახალი კარი იქნება სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რამდენადაც აუცილებლად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ნარჩენს გარდაქმნიან პროდუქტად”, – ამბობს ბითაძე.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეხმარებიან მისი საერთაშორისო პარტნიორები. კერძოდ, ბითაძე აღნიშნავს, რომ ძალიან მასშტაბურია ის დახმარება, რომელსაც საქართველო, კონკრეტულად კი, თბილისი იღებს ამ კუთხით:

“პრაქტიკულად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მთლიანად უზრუნველყოფს სამომავლოდ როგორც ნაგავმზიდი მანქანების ჩანაცვლებას, ასევე, დამატებითი დახმარების გაწევას იმისთვის, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. თუმცა არ არის აუცილებელი, ყველა ურნა იყოს მიწისქვეშა ან მოდიფიცირებული. მთავარია, ურნების ის რაოდენობა იყოს ქალაქში, რაც საკმარისია მოსახლეობისთვის. ურნას ეწერება ზემოდან, რომ ეს ურნა არის პლასტმასისთვის, ეს ურნა არის შუშისთვის და ა.შ.” ,- აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე თბილისში შეიძლება ნარჩენების სეპარირების მხოლოდ სამი ფრაქცია იყოს – პლასტმასი, რკინა და მესამე, სადაც ყველა ნარჩენი მოთავსდება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამგვარი მოდელი უკვე წარმატებით განხორციელდა, როცა ქვეყნებმა დაიწყეს 2 ფრაქციით და ახლა უკვე ნარჩენებს 6-7 ფრაქციად ყოფენ:

“ასე რომ, წინ დიდი გზაა. მთავარია, სწორი მიმართულებით მივდივართ და ეს იმის საწინდარია, რომ ევროკავშირი და ევროპის რეკონსტურქციის და განვითარების ბანკი ძალიან საფუძვლიანად ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას, რომ ეკონომიკის ეს ნაწილიც კარგად ამოქმედდეს. განხილვები უკვე დაწყებულია თითოეული მუნიციპალიტეტის ფარგლებში, თუმცა პანდემიის გამო გარკვეული პროცესები შეჩერდა და, ვფიქრობთ, ზაფხულისთვის უფრო აქტიურად დავიწყებთ მოდელის განხილვას” ,- ამბობს ბითაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი