ახალი ამბები

მელია მზადაა, თავისი “მყარი პოზიცია” გააცნოს “გირჩსა” და “მოქალაქეებს”

19 იანვარი, 2021 • 1431
მელია მზადაა, თავისი “მყარი პოზიცია” გააცნოს “გირჩსა” და “მოქალაქეებს”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ “გირჩსა” და “მოქალაქეებს” შეხვდება, თუ თვის ბოლომდე მოიცდიან.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებთან შეხვედრის შემთხვევაში მათ იმ პოზიციას გააცნობს, რაც სწორად მიაჩნია.

“ჩვენ მოვრიგდით მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, როგორიცაა პარლამენტში შესვლა-არშესვლა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. ვწუხვარ, რომ ამ მოთხოვნას რამდენიმე პარტიამ არათუ გადაუხვია, არამედ სხვა ალტერნატიული წინადადებებით გამოდის და აცდენაშია იმ ბოიკოტის რეჟიმთან, რომელშიც ვიმყოფებით. იმ ადამიანებთან, რომელთაც აქვთ ეს განსხვავებული პოზიცია, ვხედავ, რომ დაიძაბა ურთიერთობა. მე პირადად მქონია მათთან კომუნიკაცია ისევე, როგორც ყველა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ჰქონდათ ჩემზე მეტად მჭიდრო ურთიერთობაც კი, ვიდრე მე მქონდა. არაფერი წინ არ უდგას იმას, რომ ადამიანს შევხვდე და კიდევ ერთხელ ჩემი მყარი პოზიცია გავაცნო და ვუთხრა, რომ სწორი მიმაჩნია ეს გზა და არასწორი მიმაჩნია ეს გზა”, — განაცხადა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.

მელიას თქმით, იმასაც უშვებს, რომ შეიძლება პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტია შევიდეს, მაგრამ პროცესში ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს.

“ახლა უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვიცლი დამატებითი შეხვედრებისთვის. ამიტომ ჩემი თხოვნა იყო, თუკი აქვთ სურვილი შეხვედრის და თვის ბოლომდე იცდის დრო, იქნებ გადაგვედო. შედგება ეს შეხვედრა — არაფერს განსხვავებულს არ ვიტყვი, ვიდრე ახლა ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ თუ არის ერთი პროცენტი შანსი იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ, კუთხეები მაინც დავამრგვალოთ და მოვრიგდეთ, რატომაც არა. ისე არ მოხდეს, რომ არცერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ შევიდეს პარლამენტში და შედეგი მაინც იყოს, რაც პირველ ნოემბერს განვაცხადეთ, მაგრამ პროცესში ურთიერთობები გაფუჭდეს ოპოზიციურ პარტიებს შორის”, — განაცხადა მელიამ.


პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გასულ კვირას ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყეს. ისინი უკვე შეხვდნენ “გირჩის” წევრებს. მათ განიხილეს იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოიყენონ, როგორ პლებისციტი. რაც იმას გულისხმობს, რომ  თუ ჯამურად ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს მოიგებს და  “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს, ახალი არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა მოითხოვოს.

აღნიშნული იდეა მიუღებელია ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის. ისინი მიჩნევენ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ახალ, ვადამდელ არჩევნებს ასახელებენ და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი