ახალი ამბები

“იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?” — უგულავა

19 იანვარი, 2021 • 1470
“იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?” — უგულავა

“ევროპული საქართელოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ოპოზიციამ “გირჩისა” და “მოქალაქეების” პარლამენტში შესვლა/არშესვლის  საკითხზე მსჯელობას თავი უნდა დაანებოს და საერთო სამომავლო გეგმა შეიმუშაოს.

მისი თქმით, არავის არ აინტერესებს, იაგო ხვიჩია და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევლენ თუ არა.

“ეს ხალხი უკვე არის შიგნით, კობახიძეა და დავანებოთ თავი, ყველა დანარჩენ ოპოზიციას მოგიწოდებთ. ეს არის განგრენა. ეს არის სიმულაციური პოლიტიკური პროცესი. სიმულაციურ პოლიტიკურ პროცესში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა გადავიქცეთ ამ სიმულაკრად. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომლის 15%-იც ლაპარაკობს, რომ პურის ფული არ აქვთ და იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს? რაში მანაღვლებს მე, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა?

ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, რას ვშვრებით? ამ კითხვას ვუსვამ მე “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოსაც”, “ლეიბორისტებსაც” და ყველა სხვა დანარჩენ პარტიას.[…] ერთობა არ არის სადღეგრძელო, ერთობას სჭირდება სტრუქტუირება, გაძლიერება — ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და ჭირსაც წაუღია ელისაშვილი, სად შევა და სად გამოვა”, — განაცხადა უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში.

“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ  “მოქალაქეების” ლიდერების მსგავსად განაცხადა, რომ “ევროპულ საქართველოს” არ სურს, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს. ხვიჩიას თქმით, ” ევროპულ საქართველოს” შეთანხმება პოლიტიურად არ აწყობს.


პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გასულ კვირას ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყეს. ისინი უკვე შეხვდნენ “გირჩის” წევრებს. მათ განიხილეს იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოიყენონ, როგორ პლებისციტი. რაც იმას გულისხმობს, რომ  თუ ჯამურად ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს მოიგებს და  “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს, ახალი არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა მოითხოვოს.

აღნიშნული იდეა მიუღებელია ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის. ისინი მიჩნევენ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ახალ, ვადამდელ არჩევნებს ასახელებენ და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი