ახალი ამბები

ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი მინსკში აღარ გაიმართება

19 იანვარი, 2021 • 1059
ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი მინსკში აღარ გაიმართება

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში აღარ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ იფნორმაციას “რადიო თავისუფლების” ბელარუსის ბიურო ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულის მიზეზად უსაფრთხოების პრობლემები სახელდება, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციამ ევროპული ქვეყნებისა და სპონსორებისგან მომავალი ზეწოლის ფონზე მიიღო. ტურნირისთვის მაისი-ივნისის პერიოდში ბელარუსს უნდა ემასპინძლა ლატვიასთან ერთად:

“ფედერაციის საჭომ დაადგინა, რომ შეუძლებელია გუნდებისა და მაყურებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონატი ბელარუსში ჩატარდება”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტის, რენე ფაზელის თქმით, ჩემპიონატი არ უნდა გამოიყენოს რომელიმე მხარემ პოლიტიკური მიზნებისთვის. ორგანიზაციაში იაზრებენ, რომ იმ დროს, როცა უფრო დიდი პრობლემები არსებობს, მისი მინსკში ჩატარება სწორი არ იქნება, ამასთან, ფაზელის თქმით, გასათვალისწინებელია გუნდებისა და გულშემატკივრის უსაფრთხოების საკითხებიც.

ბელარუსის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ბევრი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ლატვია, მოუწოდებდა ჰოკეის საერთშორისო ფედერაციას, ქვეყანა ჩემპიონატის მასპინძლობიდან მოეხსნათ ლუკაშენკოს მიერ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული აქციების ძალადობრივი დაშლის გამო. ავტომობილების მწარმოებელი ჩეხური კომპანია შკოდა კი სხვა კომპანიებთან ერთად ფედერაციას აფრთხილებდა, რომ თუ ჩემპიონატი ბელარუსში გაიმართებოდა, ტურნირის სპონსორობას შეწყვეტდნენ.

შეშფოთებას ასევე გამოთქვამდნენ ქვეყნის შესაძლებლობებზე კორონავირუსის პანდემიის კონტროლის მიმართულებით.

ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც სოციალურ ქსელში მადლობა გადაიხადა “ბელარუსი ხალხის ხმის გაგონებისთვის”.

რაც შეეხება ჩემპიონატის მასპინძლობას, ფედერაციის განცხადებით, ახლა უნდა მოხდეს ლატვიის, როგორც ღონისძიების თანამასპინძლის, სტატუსის განხილვა. ასევე, იმსჯელებენ მისი ერთ ქვეყანაში ჩატარების შესაძლებლობაზე, COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია ჩემპიონატის გამართვაზე დანიასა და სლოვაკეთში, ან სრულად ლატვიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი