ახალი ამბები

შესაძლოა, რუსეთში ბლოგის წარმოებისთვის ნებართვის აღება გახდეს საჭირო | Meduza

19 იანვარი, 2021 • 1405
შესაძლოა, რუსეთში ბლოგის წარმოებისთვის ნებართვის აღება გახდეს საჭირო | Meduza

რუსეთის სახელმწიფო დუმა უახლოეს პერიოდში გეგმავს ცვლილებებს კანონში “განათლების შესახებ”, რაც შესაძლოა, ხელისუფლების ხელში აღმოჩნდეს ცენზურის მორიგი ბერკეტი.

საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს რუსული საგანმანათლებლო დაწესებულებების უცხოეთის მოქალაქეებთან თანამშრომლობის დარეგულირებასა და ახალი ნორმის – “საგანმანათლებლო აქტივობის” კონცეფციის შემოღებას. კანონპროექტს უკვე ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომელთა განმარტებით, თითქმის ნებისმიერი ბლოგი, Telegram-ის არხი და საჯარო ლექცია შესაძლოა ჩაითვალოს საგანმანათლებლო აქტივობად, რის განსახორციელებლად სახელმწიფო ნებართვის აღება იქნება საჭირო. ინფორმაციას ლატვიური რუსულენოვანი გამოცემა Meduza ავრცელებს.

Meduza-ს ცნობით, კანონის განმარტებით ბარათში ავტორები ხაზს უსვამენ, რომ შესწორების მიზანი “ანტირუსულ პროპაგანდასთან” ბრძოლაა.

რუსეთში დაგეგმილი ცვლილებების საწინააღმდეგოდ პეტიცია შეიქმნა, რასაც უკვე მოაწერა ხელი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა.

მედუზას ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი პოპოვი განმარტავს, რომ დაგეგმილი ცვლილებები პრობლემებს შეუქმნის იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ უცხოეთის მოქალაქეებთან, მაგალითად, ჰყავთ მოწვეული ლექტორები.

“ეს შესწორებები, თუ ისინი კანონად იქცევა, სწრაფად მოახდენს გავლენას განათლების სფეროზე. ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუცია- იმ დროს, როდესაც რაიმე ტიპის კონტრაქტი ექნება უცხოთის მოქალაქეებთან- ვალდებული იქნება, პირველ რიგში, ნებართვა მიიღოს განათლების სამინისტროსა და შესაბამისი სააგენტოებიდან. ბუნებრივია, ეს არის გართულებული პროცედურები და დააზარალებს ყველა ტიპის თანამშრომლობას. მაგალითისთვის, საერთაშორისო სკოლები, რომელთაც ლექტორების მოწვევისთვის დასჭირდებათ დამატებითი ნებართვები, შესაძლოა, გადაწყვიტონ, რომ უმჯობესი იქნება, საერთოდ არ მოიწვიონ უცხოელი მასწავლებლები”, – ამბობს სერგეი პოპოვი.

“შესწორებათა მეორე ნაწილი უკავშირდება “საგანმანათლებლო აქტივობებს”. აქ პრობლემა ისაა, რომ ასეთი ტიპის აქტივობები არის ძალიან ზოგადი და გაურკვეველი. აქ ნებისმიერი რამ შეიძლება შედიოდეს”, – მიაჩნია პოპოვს.

განათლების კანონის შესწორების მოწინააღმდეგეთა განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები შეზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას.


Meduza დააარსეს გალინა ტიმჩენკომ და Lenta.ru-ს სხვა ყოფილმა თანამშრომლებმა მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს ზეწოლის შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი