ახალი ამბებიკომენტარი

საიას ახალი თავმჯდომარის პრიორიტეტები – ინტერვიუ

19 იანვარი, 2021 • 1959
საიას ახალი თავმჯდომარის პრიორიტეტები – ინტერვიუ

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს. მანამდე ორგანიზაციის გამგეობის წევრი იყო, 2020 წლის მარტიდან მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობდა. 

რა მიმართულებით გეგმავს ორგანიზაციის გაძლიერებას, ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში არსებულ რომელ ხარვეზებს აღიქვამს მთავარ გამოწვევებად და როგორ აპირებს, გუნდთან ერთად იმუშაოს საკითხებზე, რომლებიც საკანონმდებლო ჩანაწერებში მოწესრიგებულია, თუმცა, პრაქტიკაში, ნაკლებად სრულდება:

ამ და სხვა საკითხებზე “საიას” ახალი თავმჯდომარე “ნეტგაზეთს” თავად ესაუბრა.

საუბარი დავიწყოთ თქვენი არჩევის საკითხით: როგორც ცნობილია, “საიას” გამგეობა ახალი თავმჯდომარის არჩევას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, როგორ გადაწყდა ეს საკითხი?

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვეტყვი გამგეობას მადლობას გამოცხადებული ნდობისთვის, ვინაიდან ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესების შედეგად მოხდა ჩემი არჩევა. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. პრინციპში, ეს იყო ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, როცა ორგანიზაციის გამგეობამ უმრავლესობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ორი სხდომა ჩატარდა მანამდე . [თავდაპირველად] წარმოდგენილ კანდიდატებს შორის იყო დიდი და მაღალი კონკურენცია, იმდენად მაღალი, რომ ის უმრავლესობა, რომელიც უნდა მიეღო რომელიმე მათგანს გასამარჯვებლად, სამწუხაროდ, ვერც ერთმა მიიღო.

რადგანაც ამ უმრავლესობაზე შეთანხმება ვერ მოხდა, ამიტომ ვერ ავირჩიეთ ეს კანდიდატები. სულხანს [სალაძე] ვადა ეწურებოდა და ვეღარ დარჩებოდა თანამდებობაზე, ამიტომ დასახელდა უკვე [სხვა კანდიდატურები], მათ შორის, ჩემი კანდიდატურაც. საბოლოოდ, გამგეობამ ჩემზე შეაჩერა არჩევანი და თავმჯდომარედ ამირჩია.

თქვენი უმთავრესი გეგმები რას უკავშირდება, ორგანიზაციის შიდა გამოწვევებთან მიმართებით? რაში მდგომარეობს ეს გამოწვევები და როგორ ფიქრობთ, უპირველესად რა მიმართულებით საჭიროებს “საია” გაძლიერებას? თუ ხედავთ ცვლილებების საჭიროებას ორგანიზაციის საქმიანობაში?

ჩვენ დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ ორგანიზაციულ რეფორმაზე ფიქრი. 2 წლის წინ წესდებაში შესაბამისი ცვლილებებიც შევიტანეთ და ახალ ორგანიზაციულ მოწყობაზე გადავედით.

ორგანიზაცია დაიყო შიდა პროგრამულ მიმართულებებად, გუნდებად. ყველა გუნდი თითოეულ ამ მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი. გასული ორი წლის მანძილზე ამ პროცესმა გამოავლინა გარკვეული ხარვეზები. ზოგი – პრაქტიკული თვალსაზრისით, ზოგი – იმ მოწესრიგების თვალსაზრისით, რაც დაგეგმილი გვქონდა.

აქედან გამომდინარე, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ეს ყველაფერი გამოგვესწორებინა და პრინციპში ეტაპობრივად ვაკეთებდით ამას. იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს ძლიერი, მმართველობაც ძლიერი უნდა იყოს და უნდა მოვახდინოთ იმ ხარვეზების მინიმალიზება, რაც პრაქტიკაში გვაქვს.

მათი გარკვეული ნაწილი აღმოვფხვერით, ნაწილზე გრძელდება მუშაობა… ვფიქრობთ, შიდა კოორდინაცია ხსენებულ პროგრამულ მიმართულებებს შორის გასაძლიერებელია. გვინდა, რომ ეს კოორდინაცია იყოს ჯაჭვური და ეხებოდეს ყველა რგოლს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ.

ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ გვაქვს რეგიონული ქსელი და რეგიონების მეშვეობითაც ადამიანებს ვაწვდით იურიდიულ დახმარებას. ამ მიმართულებითაც, ვფიქრობთ, გასაძლიერებელია მუშაობა და რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი იქნება ის, რომ ჩვენი რეგიონული ქსელის მუშაობა უფრო მეტად ეფექტური გახდეს.

რაში მდგომარეობს თქვენი პრიორიტეტები შიდაორგანიზაციული პროცესების მიღმა, უმთავრესად, სხვადასხვა კანონმდებლობის ხარვეზების კუთხით? სად არის ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევები, რომლებზეც “საია” ყურადღებას გაამახვილებს თქვენი თავმჯდომარეობისას?

ზოგადად, ბევრი მიმართულებაა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ეს არ შეეხება მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზებს. შეიძლება, კანონმდებლობა კარგი იყოს, თუმცა მისი აღსრულება არის ერთგვარად ხარვეზიანი. ერთ-ერთ მიმართულებად შეგვიძლია გამოვყოთ მთლიანად კანონმდებლობის რეფორმის საკითხები.

დავიწყოთ ხარვეზიანი კანონმდებლობით: პირველი, რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, არის პანდემიის კრიზისი, ამ თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათი უფლებების დაცვის საკითხები.

ჩვენი ადვოკატირება უნდა გავაძლიეროთ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც არიან სოციალური დაცვის, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი ადამიანები, რათა მათ მიიღონ შემწეობა. სახელმწიფო მათ სათანადო დახმარებას ვერ სთავაზობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ჩვენი მუშაობა იყოს ძლიერი.

ამას რომ თავი დავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი დაცვის საკითხები, რომ გაჭირვებულმა ფენამ და ზოგადად, მოსახლეობამ, მიიღოს შესაბამისი იურიდიული მხარდაჭერა მათ სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია კოვიდის პირობებში არსებული რეგულაციების პრობლემურობის საკითხი. ამაზე ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მუშაობა და წელსაც განვაგრძობთ.

საგანგებო მდგომარეობა როცა იყო გამოცხადებული, იქაც იყო საკანონმდებლო მოწესრიგების პრობლემა და ვსაუბრობდით კიდეც ამაზე. რაც შეეხება დღეს არსებულ სიტუაციას, გვაქვს მოცემულობა, რომელშიც კანონის ზოგადი ჩანაწერით მთავრობისთვის არის მინდობილი ძალიან მნიშვნელოვანი უფლებების შეზღუდვის საკითხები. მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების, შრომის და ეკონომიკურ საქმიანობასთან, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები…

რეალურად, კანონი კი აძლევს მთავრობას ამის გაკეთების უფლებას, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამას კანონის საფუძველზე მთავრობა კი არ უნდა აკეთებდეს, კანონი [თავად] უნდა ადგენდეს, როგორ მოხდეს კონკრეტული უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, ანალიტიკურ ნაწილშიც ვმუშაობთ ამ საკითხებზე და, რა თქმა უნდა, სამართალწარმოებასაც შესაბამისად ვახორციელებთ…

მეორე თემა, რაც მინდა, რომ გამოვყო, არის მოწყვლადი ჯგუფები და უმცირესობები, რაზეც, რა თქმა უნდა, აუცილებლად განვაგრძობთ მუშაობას. ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ბოლო პერიოდში კანონმდებლობა წინ წავიდა, თუმცა აქაც გარკვეულწილად კანონმდებლობის აღსრულების პრობლემები ისევ შემოგვრჩა. ეს საკითხები პრაქტიკული თვალსაზრისით საჭიროებს მოწესრიგებას.

იგივე შეიძლება ითქვას ბავშვთა უფლებებზე: მივიღეთ ბავშვთა უფლებების კოდექსი, თუმცა მთავრობას პრაქტიკულად არ გამოუცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რაც დავალებული ჰქონდა. ყოველდღიურად ვხედავთ თვითონ იმას, რომ ამ კოდექსსაც პრაქტიკული აღსრულების თვალსაზრისით პრობლემები ექმნება. ზოგიერთი ჩანაწერი ზოგადია, შესაბამისი პროცედურული რეგულაციებით არ არის გამყარებული.

როდესაც ვსაუბრობთ უმცირესობებზე, მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს უმცირესობათა უფლებებს ეხებოდა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. აქედან გამომდინარე, ესეც იქნება დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი, არა მხოლოდ ამ პირთა კონკრეტული უფლებების შელახვის, არამედ თანასწორობის კუთხით.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ვმუშაობთ გარემოს დაცვის საკითხებზე და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ბევრი მნიშვნელოვანი ქეისი გვაქვს: ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებული საქმეები, რივიერას მშენებლობის საკითხი ბათუმში… თუმცა, მშენებლობებისა და ენერგეტიკის გარდა, მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის საკითხებიც და, ვფიქრობ, აქაც საინტერესო იქნება ჩვენი მუშაობის გაძლიერება.

რაც შეეხება იმას, თუ რა რეფორმებთან დაკავშირებით გვსურს მუშაობა: აუცილებლად უნდა ვახსენო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რომელზეც “საია” ბოლო წლებია მუშაობს ამ კუთხით და არაერთი ნორმა გვაქვს გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში.  ბევრი მათგანი წარმატებითაც დამთავრდა. კოდექსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მიღებულია საბჭოთა კავშირში და არანაირად არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს. ამ რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდება.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება, კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმ კუთხით, რომ დაიძრას და პარლამენტამდე მივიდეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტი. ეს კანონპროექტი, როგორც მედიას, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს, ბევრად გაუმარტივებს საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოძიების პროცესს.

დღეს, იმისთვის, რომ მარტივი საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვოთ ადმინისტრაციული ორგანოდან, ბევრი რესურსი გვეკარგება. კარგი კანონმდებლობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას იმისთვის, რომ ამდენი დრო არ დავკარგოთ.

კიდევ ერთი საკითხი არის მართლმსაჯულება და მათ შორის, პროკურატურის რეფორმა. ჩვენ, პრინციპში, სასამართლოს მიმართულებით ვმუშაობთ და ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა ამის კვალდაკვალ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლმსაჯულების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის დამოუკიდებელი პროკურატურა. ახალი კონსტიტუციით უკვე გარანტირებულია, რომ პროკურატურა უნდა იყოს ყველა სახელისუფლებო შტოსგან დამოუკიდებელი.

როცა გვაქვს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ ეს დამოუკიდებლობა ბოლომდე არ არის უზრუნველყოფილი და, სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა, მათ შორის პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ,ამ კრიტიკას ვერ უძლებს, აუცილებელია, რომ პროკურატურის რეფორმა გავიდეს ბოლოში და მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მიმდინარე წლის განმავლობაში მუშაობა მოგვიწევს, არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება, იმ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ჩვენ ამ კუთხით დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. [ვიმუშავებთ], რათა ეს გამოცდილება მივიტანოთ შესაბამის პირებამდე და [საარჩევნო] კანონმდებლობა იყოს უფრო მეტად სამართლიანი და ასეთი დარღვევები აღარ მოხდეს. მეორე მხრივ, ეს დარღვევები უფრო მეტად გამოწვეული იყო არა კანონმდებლობის უსწორობით, არამედ პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, ვიმუშავებთ, რომ ერთი მხრივ, ეს დარღვევები მინიმალიზდეს და, მეორე მხრივ, მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელიც ბოლოს ახსენეთ, ერთ-ერთი მთავარია ოპოზიციის მოთხოვნებს შორის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ამ კუთხით რა სტრატეგია გაქვთ?

კანონმდებლობის შეცვლისათვის შესაბამისი ორგანო პარლამენტია. ჩვენ განვაგრძობთ მასთან მუშაობას იმისთვის, რომ ის ხარვეზები, რასაც ვხედავთ კანონმდებლობაში, [აღმოიფხვრას]. ეს იქნება უშუალოდ საკანონმდებლო რეგულაციის ხარვეზი თუ კანონმდებლობის აღსრულების თვალსაზრისით.

თუნდაც ვნახეთ, 25- მეტრიან დისტანციაზე აგიტაციის აკრძალვის რეგულაცია მკვდარ ჩანაწერად დარჩა საარჩევნო კანონმდებლობაში.

მუშაობა უნდა განვაგრძოთ არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს ჩვენი მოსაზრება მიტანილი იყოს, ერთი მხრივ, პარლამენტთან, მეორე მხრივ – საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან. საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა ხშირად გვეხმარება იმაში, რომ ხელისუფლებამ სწორად გაიგოს ჩვენი მოსაზრებები და სწორად ასახოს ის შესაბამის კანონმდებლობაში.

კონკრეტულად რა ცვლილებების საჭიროებას ხედავთ საარჩევნო კანონმდებლობაში? გარდა იმისა, რაც უკვე არსებობს, მაგრამ არ სრულდება?

პროცედურულ ცვლილებებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებითაც უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები. ჩვენ გარკვეული შეთავაზებები ამ თვალსაზრისითაც გვაქვს.

პროცედურული დარღვევები ბევრი იყო, თუმცა მათ შეიძლება არ ჰქონდეთ იმდენად დიდი მნიშვნელობა არჩევნების შედეგებთან მიმართებით, რამდენადაც იმას, რომ სწორად იყოს დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შევეცდებით, რომ ჩვენი მოსაზრებები მივიდეს შესაბამის პირებთან.

ეს არის ის ძირითადი საკითხი, რაზეც ვფიქრობთ, რომ საჭირო იქნება მუშაობა.

პირველ პრესკონფერენციაზე და ახლაც ახსენეთ პანდემიასთან დაკავშირებული ხარვეზიანი კანონმდებლობა. “საია” აქამდეც საუბრობდა მთავრობის ფართო და არაპროპორციულ უფლებამოსილებაზე, საკონსტიტუციო სარჩელიც წარდგენილი გაქვთ. კიდევ რა ბერკეტი აქვს ორგანიზაციას ამ კუთხით ვითარების შესაცვლელად?

ამ ეტაპისთვის მეტი ბერკეტი ჩვენ არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად მიიღოს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, პარლამენტმა თავისი პოლიტიკური ნება ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოხატა. მან უკვე არაერთხელ დაადასტურა ის, რომ მას აქვს ნება, ამ საკითხების რეგულირება ასე მოხდეს.

ასე რომ, პარლამენტთან მუშაობისას ჩვენ ვერ მივაღწიეთ მიზანს, ეს საკითხები დაარეგულიროს კანონმა და არა მთავრობამ. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: დავადგეთ სამართალწარმოების გზას, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მანვე განიხილოს, რამდენად შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას ასეთი რეგულირება.

აუცილებლად უნდა გკითხოთ სასამართლო რეფორმაზე, რომელიც პრიორიტეტებს შორის ახსენეთ: თქვენი ორგანიზაცია აქამდეც აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პროცედურული ცვლილებებით სასამართლო რეფორმა ვერ განხორციელდება და ეს მხოლოდ არსებული წესრიგის ლეგიტიმაციაა. თქვენ რა ხედვა გაქვთ, რა მიმართულებით არის მუშაობა გასაძლიერებელი?

მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება საკმარისი არ ყოფილა. ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელია, იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. თუმცა დამოუკიდებლობა მიენიჭა იმ პირთა ჯგუფს, რომელიც თავად არ არის დამოუკიდებელი.

საუბარია ჯგუფზე, რომელთაც ჩვენ ვეძახით კლანს… რომელთაც კანონმდებლობამ მაღალი ლეგიტიმაცია და დიდი უფლებამოსილებები მიანიჭა. თუმცა, თუ კანონმდებლობა უზრუნველყოფს მართული პირების დამოუკიდებლობას, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ცხადია, ვერ ვისაუბრებთ.

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეფორმა უნდა იყოს ძირეული, ის თავიდანვე სწორად უნდა ყოფილიყო გატარებული. ახლა ამ კანონმდებლობის შემოტრიალება ბევრად უფრო გართულებულია. რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, ამ საკითხებზე საუბარი, ალბათ, შორს წაგვიყვანს, თუმცა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს.

…ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელსაც თავიდანვე სწორად რეგულირება, სწორად მოწესრიგება სჭირდებოდა. ამ საკითხზე ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრისგან დღეისთვის თავს შევიკავებ.

მხოლოდ ჩემი თავმჯდომარეობის დროს ეს საკითხი რთულად მოსაგვარებელი იქნება, თუმცა ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შემდგომ წლებში, როცა სხვა პირები ჩაუდგებიან ორგანიზაციას სათავეში, შესაბამისი ბაზისი დავუტოვოთ მათ.

რომელ საზოგადოებრივ ჯგუფებს გამოარჩევდით, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დღეს სამართლებრივ დახმარებას და რიგ მიზეზთა გამო არ აქვთ სათანადო წვდომა მასზე? “საია” რას გააკეთებს მათი მდგომარეობის გამოსაკეთებლად?

ჩვენ სამართლებრივ დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას ვთავაზობთ ყველას, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.

ჩვენ არა მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებს ვეხმარებით, არამედ მათ, ვინც არ არიან მოწყვლადები, თუმცა გარკვეული სამართლებრივი დახმარება ესაჭიროებათ.

თუმცა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებობს პრაქტიკული პრობლემები.  აქ ბევრი პრობლემა შეიძლება ჩამოვთვალოთ. ჩვენს მსგავსად, სახელმწიფოც სთავაზობს იურიდიულ დახმარებას გარკვეულ ჯგუფებს, თუმცა მეორე მომენტია, [პანდემიასთან დაკავშირებით] არსებული რეგულაციებისა და მოწესრიგების ფარგლებში რამდენად აქვთ შესაძლებლობა, რეალურად მიიღონ ეს მომსახურება.

სამწუხაროდ, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა შეზღუდულია გადაადგილება და პირისპირ შეხვედრა იურისტთან არის რთული, ასევე, გარკვეულ ხიფათთან დაკავშირებული, შესაბამისი რესურსები სჭირდება როგორც იურისტს, ასევე მას, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდება. [ამ უკანასკნელს] უნდა ჰქონდეს თუნდაც ინტერნეტი, იმისთვის, რომ ონლაინ გაესაუბროს ადვოკატს.

ძალიან კომპლექსური საკითხია და არსებული რეგულაციები ერთგვარ დაბრკოლებად გვევლინება ხოლმე. შევეცდებით, ვიმუშაოთ პროაქტიულად, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს დავეხმაროთ საკუთარი უფლებების დაცვაში.

რაიმეს თქმა ხომ არ გსურთ მკითხველისთვის, გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ?

ბოლოს დავამატებდი, რომ საკმაოდ რთული პერიოდია როგორც ქვეყნისთვის, ისე სამოქალაქო სექტორისთვის… ვხვდებით, რომ ხელისუფლებისგან და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფებისგან მოდის გარკვეული უარყოფითი მესიჯები და, შეგვიძლია ვთქვათ, თავდასხმები.

იმ ფონზე, როცა სამოქალაქო სექტორის მიმართ ასეთი გახშირებულია [ეს პრაქტიკა], შევეცდებით, დავიცვათ ის კარგი რეპუტაცია, რაც აქვს “საიას”, პრინციპები, რომლებზეც ვმუშაობდით და ვიდგეთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ, ზოგადად, სამოქალაქო სექტორის დაცვის სადარაჯოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი