ახალი ამბები

“გირჩისა” და “მოქალაქეების” ინიციატივაზე ერთიანი ფორმატისთვის სამსჯელოდ მზაობა არსებობს — კოჟორიძე

18 იანვარი, 2021 • 1110
“გირჩისა” და “მოქალაქეების” ინიციატივაზე ერთიანი ფორმატისთვის სამსჯელოდ მზაობა არსებობს — კოჟორიძე

“ლელოს” წევრის, კახა კოჟორიძის, თქმით, არსებობს მზაობა, საერთო ოპოზიციურ ფორმატში განიხილონ “გირჩისა” და “მოქალაქეების” ინიციატივა, რომელიც გულისხმობს თვითმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად გამოყენებას.

თუმცა კოჟორიძე აღნიშნავს, რომ ყველა საუბარს სწორი ფორმატის შერჩევა სჭირდება და საერთო ოპოზიციური ფორმატის გვერდის ავლით ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიაჩნია.

“ერთიანი ფორმატისთვის სამსჯელოდ, ცხადია, მზაობა არსებობს. ნებისმიერი წინადადება იმსახურებს განხილვას. რა თქმა უნდა, ეს წინადადებაც შეიძლება იყოს განხილული. მე ვერ გეტყვით, რა იქნება უშუალოდ ამ კონკრეტულ წინადადებაზე „ლელოს“ პოზიცია იმიტომ, რომ ამაზე სიღრმისეული ოფიციალური მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თავად ეს წინადადება რომ შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მათ შორის, ერთიან ფორმატში, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ”, — განაცხადა კოჟორიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გასულ კვირას ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყეს. ისინი უკვე შეხვდნენ “გირჩის” წევრებს. მათ განიხილეს იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოიყენონ, როგორ პლებისციტი, რაც იმას გულისხმობს, რომ  თუ ჯამურად ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს მოიგებს და  “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს, ახალი არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა მოითხოვოს.

როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, ის “90%-ით დარწმუნებულია” რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს.

თუმცა გიორგი ვაშაძე უარს ამბობს “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე. მისი თქმით,  ყველა წინადადება შეიძლება განიხილონ, თუ ის “ქართული ოცნების” მხრიდან მოდის. მისი თქმით, სტრატეგიულად არასწორია, რომ  ოპოზიციას ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი