ახალი ამბები

20 იანვრიდან ენგურჰესი მაისამდე გაჩერდება

18 იანვარი, 2021 • 924
20 იანვრიდან ენგურჰესი მაისამდე გაჩერდება

20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 18 იანვარს, მინისტრი ნათია თურნავა სარემონტო სამუშაოების განმახორციელებელ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობითვე, ენგურჰესზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს ჩატარდა 15 წლის წინ. მთავრობის გეგმით, რეაბილიტაცია შემჭიდრობულ ვადებში უნდა განხორციელდეს და ჰესმა პირველი მაისიდან მუშაობა უნდა განაახლოს.

“შეხვედრაზე სარემონტო – სარეაბილიტაციო პროექტში გამარჯვებული გერმანული, ქართული და თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული მოსამზადებელი და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის  გრანტია, 38 მლნ ევრო კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი”,-წერია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ გამომუშავებული ელექტოენერგიის ზრდას ელოდება, რაც წელიწადში  დაახლოებით 100-120 მლნ კვტ.სთ იქნება.

“პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და  გაჟონილი წყლის მოცულობის   შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ენგურჰესზე სარემონტო – სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს სამუშაოების შესრულება და ენგურჰესის დროული ამუშავება”,-აცხადებენ სამინისტროში.

“ენგურჰესი” რამდენიმე თვით გაჩერდება – რა ელის აფხაზეთს

მასალების გადაბეჭდვის წესი